6-06-2020
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ყოველთვის იყო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განსაკუთრებული მხარდაჭერა და დღეს, როდესაც ეპიდემიას და მის უარყოფით ეკონომიკურ ეფექტებს ვებრძვით, ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წყალტუბოში, სასათბურე მეურნეობა „ჰერბიაში“ დასაქმებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
სახელმწიფო პროგრამის, „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობაში, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში პირველადი პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე, აგროწარმოების განვითარებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველოს ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.
გიორგი გახარია სათბურში დასაქმებულებს პირადად ესაუბრა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებზე, რომელიც ფერმერებისა და აგროწარმოების სექტორის მაქსიმალურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
პრემიერის თქმით, სახელმწიფო, მხარდაჭერის პროგრამების გაფართოებას განაგრძობს, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სექტორი, რაც საბოლოო ჯამში ყველა მოქალაქეს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
შპს ,,ჰერბიამ" სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილი მოჰყავთ. პროექტის ჯამური ღირებულებამ 3 მილიონი ლარია, საიდანაც 592 000 ლარი გრანტი, ხოლო 1 050 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტია. ზოგადად, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 34 სასათბურე მეურნეობა გაფართოვდა და 2 ახალი სათბური შეიქმნა.