გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპოვებული ქვანახშირის საერთაშორისო ბაზარზე გატანას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით გეგმავს

25-02-2018

რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალურად მოპოვებული ქვანახშირის გატანას საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით გეგმავს. საუბარია ანტრაციტის ჯგუფის დეფიციტურ ქვანახშირზე, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც თურქეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. არალეგალური ანტრაციტის ფასი მსოფლიო ფასთან შედარებით, 30-50%-ით ნაკლებია.

უკრაინის ბუნებრივი რესურსებით უკანონოდ რუსული კომპანია „ვნეშტორგსერვისი“ ვაჭრობს, კომპანია ოკუპირებულ ცხინვალშია რეგისტრირებული, თუმცა მოსკოვიდან საქმიანობს. ფულად გადარიცხვებს, „ვნეშტორგსერვისი“, რომელსაც ირკუტსკის ოლქის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი ვლადიმერ პაშკოვი კურირებს, ასევე ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რუსული „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკის“ ფილიალის (Mezhdunarodny Rashchyotny Bank) მეშვეობით ახორციელებს.

უკრაინის ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე მდებარე უდიდეს სამთო, მეტალურგიულ და ქიმიურ საწარმოებს ("კრასნოდონუგოლი", "სვერდლოვანტრაციტი", "როვეკიანტრაციტი", "დონეცკსტალი", "მაკეევკკოკსი", "ენაკიევოს კოკსოხიმპრომი", "იასინოვსკის კოკსოხიმკომბინატი", "ხარციზსკის მილების ქარხანა", "ენაკიევოს" და "მაკეევკის მეტალურგიული ქარხნები") კრემლის გადაწყვეტილებით, „ვნეშტორგსერვისი“ 2017 წლის აპრილიდან მართავს.

რუსეთი ცდილობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომი, მისსავე ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის, უცხოეთში რეალიზაციდან მიღებული შავი ფულით დააფინანსოს. ლუგანსკში აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენელმა სერგო ლადარიამ განაცხადა, რომ დონბასიდან ქვანახშირის ექსპორტი თურქეთში ოჩამჩირის ოკუპირებული პორტიდან განხორციელდება:

„ლუგანსკის ქვანახშირის ექსპორტის მიზნით, ჩვენ გავედით თურქულ კომპანიებზე, რომლებიც ოჩამჩირის პორტის მეშვეობით თანამშრომლობისთვის მზად არიან. ახლა ვათანხმებთ ტარიფებს, რომ ფინანსური კუთხით ეს მისაღები იყოს როგორც თურქებისთვის, ისე სოხუმისა და ლუგანსკისთვის.“

შავი ზღვის აუზში არალეგალური ქვანახშირის ექსპორტისთვის „შავი ხვრელი“- ოჩამჩირის დახურული ნავსადგური იდეალური ვარიანტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პორტი სანქციის ქვეშ არის, იქ უცხოური, პირველ რიგში კი, თურქული გემები სისტემატურად შედიან. სანციების თავიდან აცილებას გემები ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის (AIS) გათიშვით ახერხებენ. მათ უსაფრთხო ნაოსნობაზე კი ოჩამჩირეში უკანონოდ ბაზირებული რუსეთის საოკუპაციო ძალების სანაპირო დაცვის კატარღები ზრუნავენ.

ოჩამჩირის პორტში არსებობს ქვანახშირის სატვირთო ტერმინალიც, რომელსაც თურქული კომპანია „ტამსაშის“ შვილობილი „ტყვარჩელნახშირი“ იყენებს. „ტამსაში“ - თურქეთიდან რეპატრიანტი ბიზნესმენის, „აფხაზთა პარლამენტის“ წევრის ტაიფუნ არძინბა საკუთრებაა. თურქული ინვესტიციებით დაფუძნებული ეს კომპანია ტყვარჩელის ქვანახშირის საწარმოს უკანონო ექსპლუატაციას და ქვანახშირის ექსპორტს თურქეთში 2000 წლიდან ეწევა.

2018 წლის მონაცემებით, ტყვარჩელში ღია წესით ქვანახშირის მოპოვება მარაგების შემცირების გამო შეჩერებულია. შესაბამისად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპოვებული ქვანახშირით თურქების დაინტერესება რთული არ იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ტექნიკურად შესაძლებელია, უკრაინული არალეგალური ქვანახშირი საერთაშორისო ბაზარზე ტყვარჩელში მოპოვებულ ან რუსულ წიაღისეულად გაასაღო. 

ეს უკანონო სქემა, სავარაუდოდ, 2015 წლიდან უკვე მოქმედებს. მაშინ სოხუმის რკინიგზის სადგურში რუსეთიდან შემოსული ქვანახშირით დატვირთული ვაგონები პირველად დაფიქსირდა. ეს მოხდა ერთი წლის თავზე, რაც რუსეთმა უკრაინული ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში ჰიბრიდული ომი წამოიწყო.

უკრაინის ეროვნული უსაფრთოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი ამბობს, რომ კიევი ყველა დონეზე ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის ექსპორტი არ დაუშვას:

„უკრაინას მკაცრი რეაგირება ექნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში. ეს საერთაშორისო დანაშაულია და ევროპულ კომპანიებს, რომლებსაც ასეთ უკანონო ვაჭრობასთან კავშირი აქვთ, პასუხს აუცილებლად მოვთხოვთ“.

2017 წლის ოქტომბერში, უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ლუგანსკში უკანონოდ მოპოვებული 11 ათასი ტონა ქვანახშირი, რუსეთის გავლით, პოლონეთში გაიყიდა და ამ სქემაში, კატოვიცეში რეგისტრირებული პოლონული კომპანია Doncoaltrade იყო ჩართული.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებულ ქვანახშირს რუსეთი, როგორც საკუთარ პროდუქციას, უკრაინაშივე ყიდდეს. ბოლო მონაცემებით, 2017 წელს, უკრაინას 6 მილიონამდე ტონა ქვანახშირის იმპორტი დასჭირდა და აქედან 4,5 მილიონი ტონა რუსეთმა მიაწოდა, ხოლო 1,25 ტონა ამერიკის შეერთებულმა შტატება და სამხრეთ აფრიკამ.

newspress