9-06-2020
გორში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან ჩხუბი მოხდა. შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა 18 წლის ახალგაზრდა.
დაშავებული „გორმედის“ კლინიკაში მოათავსეს. მათი ინფორმაციით, გორში, 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
„შემოყვანილია 18 წლის ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით, პაციენტს აღენიშნება ქალას ფუძის ხაზოვანი მოტეხილობა, თავის ტვინის შეშუპება, სახის ძვლების მოტეხილობა, ჰემატომები სხეულზე.
პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და შემოყვანიდან უმოკლეს დროში გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.
პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა, იგეგმება მისი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა,“ – განაცხადა „გორმედის“ რეანიმაციული განყოფილების დირექტორმა ტატო ქაჯაიამ.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.