გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი დაუჭირა

10-06-2020

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საფინანსო და საბიუჯეტო საკითხები განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემები და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში დაგეგმილზე მეტი შემოსავლები დაფიქსირდა, რაც ეკონომიკურ ზრდაშიც აისახა და მან 5.1% შეადგინა. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დამატებითმა შემოსავლებმა პოზიტიური შედეგები აჩვენა, რამაც დაგეგმილი დეფიციტის მაჩვენებელი 2.7%-დან 2%-მდე დაწია, რაც შეეხება შემოსულობებს და თანხების ათვისებას, ყველა მაჩვენებელი დადებითი ბალანსით დასრულდა. მინისტრის მოადგილემ უწყებების მხრიდან საბიუჯეტო თანხების ათვისების პარამეტრებზეც ისაუბრა და კომიტეტს მის კომპეტენციაში შემავალ სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გააცნო. კერძოდ: თავდაცვის სამინისტრო - 98,5%, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 100% მეტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 99.9%, დაზვერვის სამსახური - 100%, სდსს - 98.7%.

 

2020 წლის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშის წარდგენისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ მიმდინარე წელი პოზიტიური შედეგებით დაიწყო და იანვარში დაგეგმილზე მეტი შემოსავლები და ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეულმა პანდემიამ შემდეგ თვეების მაჩვენებლებზე უარყოფითი შედეგები აჩვენა. მისივე ინფორმაციით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, იანვრის და თებერვლის მაჩვენებლების ხარჯზე, პირველი კვარტლის საბიუჯეტო შესრულება 106.6%-ით დასრულდა. „პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, მარტის დასაწყისში გარკვეული შეზღუდვების შემოღება დავიწყეთ, რათა ფინანსების მობილიზება მოგვეხდინა. ანტიკრიზისული გეგმის განსახორციელებლად კი 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება განხორციელდა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კორექტირებული ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა -4%-ს შეადგენს, რაც 1.8 მლრდ. ლარის შემოსავლების შემცირებას გულისხმობს. მომხსენებელმა კომიტეტს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაზე, მათ მაჩვენებლებზე და მოსალოდნელ შედეგებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო დონორებისგან მისაღებ კრედიტებსა და გრანტებზე ისაუბრა. გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად უწყებების დაფინანსების შემცირებაზე ინფორმაცია წარმოადგინა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

 

2020 წლისთვის პარლამენტის დაფინანსება 4 მლნ. ლარით მცირდება, 1 მლნ. ლარი დააკლდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, 12 მლნ - ფინანსთა სამინისტროს, 26 მლნ. - ეკონომიკის სამინისტროს, 251 მლნ. - რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 75 მლნ. - თავდაცვის სამინისტროს, 10 მლნ. - შსს, 127მლნ. - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების დაფინანსების ნაწილში კი ჯამში 300 მლნ. ლარის კლებაა.

 

სხდომაზე მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და შემცირებული დაფინანსების კონკრეტული მიმართიულებები განმარტა.

 

„ქვეყანა პოსტკრიზისულ პერიოდზე გადადის და არა მარტო ჩვენ, მთელ მსოფლიოს ახალ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. მინდა ავღნიშნო, რომ ქართულმა სახელმწიფომ ძალიან სწორედ და გამართულად იმოქმედა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოების მოქმედება კრიზისულ პერიოდში განისაზღვრება, რამდენად მდგრადი სახელმწიფოა და რამდენად შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისს საზოგადოებასთან ერთად. მისასალმებელია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ არა მხოლოდ საკუთარი მედეგობა გამოავლინა, არამედ მსოფლიოსაც კარგი მაგალითი მისცა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველივე ამაში მონაწილეობა მიიღო“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

 

საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო პროექტებს მხარი დაუჭირა.