10-06-2020
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ.
რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში კრიმინალური პოლიციის 50-მდე თანამშრომელი იმუშავებს. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის. პოლიციის ახალი შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაურმა მათ მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსაც გაეცნო.
მინისტრმა თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
ვახტანგ გომელაურმა მოინახულა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების რუსთავის ცენტრი და საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრა.
შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა და პირად შემადგენლობას შეხვდა.