17-11-2017
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რიზეს გუბერნატორ ერდოღან ბექთაშთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც მეზობელ სახელმწიფოთა შორის სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებისთვის არის მნიშვნელოვანი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
თავის მხრივ, რიზეს გუბერნატორმა ერდოღან ბექთაშმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
აჭარის დელეგაცია რიზეში ასევე, ქალაქის მერს რეშათ ქასაფს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა მეზობელ რეგიონებსა და ქალაქებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაწყებულ და მიმდინარე პროექტებს.
მოგვიანებით დელეგაცია რიზეს რეჯებ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს ეწვია და ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა, ასევე იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე სწავლობენ. რიზეს უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია, ქართული ენის განყოფილება არსებობს.
ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, რიზეს უნივერსიტეტში ქართული სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა და კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქართველი და თურქი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.