15-06-2020
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 4 შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში დადასტურდა.
ისინი cvid19-ით ინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოს 52 წლის სანიტრის ოჯახის წევრები არიან. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა დაუდასტურა.
“ოთხივე ერთი ოჯახის წევრია. უკვე გადაყვანილი არიან კლინიკაში. აქედან ორი პატარა ბავშვია, ინფიცირებული სანიტრის შვილიშვილები არიან.
უკვე მივდივართ ადგილზე, სადაც ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ მუშაობას, აღებული იქნება ნიმუშები, რომლებიც გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ასევე შესწავლილი იქნება ყველა შესაძლო კონტაქტი. მოგვიანებით გვეცოდინება რამდენ ადამიანს გადავიყვანთ თვითიზოლაციაში.
4 ინფიცირებულიდან სიმპტომები არცერთს არ ჰქონდათ. უბრალოდ, რადგან დადასტურებულ შემთხვევასთან გვქონდა კონტაქტი ავიღეთ ნიმუშები.
შიდა ქართლიდან ლაბორატორიაში, გუშინ სულ 25 ნიმუში გააგზავნეს, აქედან ექვსი ინფიცირებული სანიტრის კონტაქტია. სადაცა 4 ინფიცირება დადასტურდა. ასევე გადაგზავნილი გვაქვს შვილის ნიმუში, ველოდებით პასუხს. სანიტრის მეუღლეს კი კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა”. – ეკა ქორჩიაშვილი.