15-06-2020
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სენაკში მცხოვრებ ბიზნესმენს ერთ-ერთი ჩეჩნური დაჯგუფების სახელით შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ.
რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ე.წ. ჩეჩნური დაჯგუფების უკან ცნობილი „კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია იდგა.
როგორც დაზარალებული ბიზნესმენის ახლობელმა „პრაიმტაიმს“ განუცხდადა, სამართალდამცველებმა „კანონიერ ქურდთან“ კავშირში მყოფი კრიმინალური „ავტორიტეტი“ უკვე დააკავეს.
მისი ინფორმაციით, სინამდვილეში არანაირი ჩეჩნური დაჯგუფება არ არსებობდა და ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვას „კანონიერი ქურდი“ ცდილობდა. საუბარია 60 000 დოლარზე.
ვინ არის თემურ გვასალია?
48 წლის „კანონიერ ქურდს“ კრიმინალურ სამყაროში „თემო სოხუმკის“ სახელით იცნობენ.
2015 წლის 15 მაისს გვასალია სოფელ რუხში კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ თემურ გვასალიამ დაკავებისას და პირადი ჩხრეკისას „კანონიერი ქურდობა“ არ უარყო, ის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შოთა ბიჭიამ მტკიცებულებების არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
მაშინ გვასალია საქართველოში ყალბი, თემურ სონგულიას სახელზე გაცემული პასპორტით შემოვიდა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
გვასალიას „ქურდული ნათლობა“ 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში მოხდა „კანონიერი ქურდების“ – ვალიკო ჯეჯიას (ვალტერი), გიორგი უგლავას (ტახი) და ირაკლი ყალიჩავას (იკა ხუტუ) მიერ.
ამჟამად თემურ გვასალიასთან კავშირში მყოფი პირი ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. სავარაუდოდ, ბრალს დაუსწრებლად წარუდგნენ თავად თემურ გვასალიას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე ვრცელ ინფორმაციას 14:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე გაავრცელებენ.