გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნის თაობაზე შეთანხმებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა

16-06-2020

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე იმსჯელა და 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემები და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილა.

 

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კანონმდებლებს  ორი ახალი დაცული ტერიტორიის  - არაგვის და თრუსოს  დაცული ლანდშაფტის შექმნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და პირველი მოსმენით განსახილველი საკანონმდებლო პაკეტი - კანონპროექტები: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარუდგინა.

 

როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, შეკითხვები იყო ამ დაცულ ტერიტორიებზე დასაშვები სამუშაოების თაობაზე და  ფართო  კონსულტაციების შედეგად მოხერხდა ის, რომ დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი ერთობლივი შეთანხმების შედეგს წარმოადგენს.

 

 

 

ამგვარად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ორი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხს ითვალისწინებს - ესაა არაგვის და თრუსოს დაცული ტერიტორიები, რაც ჯამში  წარმოადგენს  106 ათასი ჰექტარ ახალ დაცულ ტერიტორიას, რომელსაც კანონების მიღების შემდეგ დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭება.

 

 

 

ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით,  მნიშვნელოვანია, რომ საკითხის შესწავლის პროცესში პირველი დღიდანვე ჩართული იყვნენ ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები და ჩეხეთის საელჩო აპირებს, რომ სწორედ ამ დაცული ტერიტორიების შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიონ აქ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, თვითმმართველობას, რომელიც იქნება ფაქტობრივად მმართველი ამ ახალშექმნილი დაცული ლანდშაფტებისა, დაეხმარება მათ შესაძლებლობების გაძლიერებაში და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდება მცირე საგრანტო პროგრამები, რასაც ქვეყანა ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსგან მიიღებს.

 

 

 

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ასევე ხეობების ეკოსისტემის ღირებულებებზე და განაცხადა, რომ პარლამენტის კომიტეტთან თანამშრომლობით, დაზუსტდა ჩანაწერი აღნიშნულ ტერიტორიებზე  დაშვებული საქმიანობის შესახებ და გაიწერა  კონკრეტული კრიტერიუმები, გაჩნდა პირდაპირი მითითება, რომ დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია მხოლოდ მცირე ელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, მიმართული იქნება ადგილობრივთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ,  ამ რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობისკენ. მათი დაპროექტება კი ისე მოხდება, რომ იერსახე არ შეუცვალოს   ლანდშაფტურ ღირებულებას, რაც ამ დაცულ ტერიტორიებს გააჩნიათ.

 

 

 

ნინო წილოსანის განცხადებით, კომიტეტს ჰქონდა შენიშვნები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მომხსენებელმა გარკვეულწილად ისაუბრა კიდეც ამ საკითხებზე, რომლებიც კომიტეტისთვის ძალიან პრინციპული იყო.

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიაპყრო დამსწრეთა ყურადღება იმ საკითხებზე, რომლებზეც კომიტეტს არასამთავრობო სექტორთან ერთად მომზადებული ჰქონდა შენიშნები, ასევე ისიც აღნიშნა, რომ სამინისტროს მხრიდან მიღებულია თანხმობა, რაც ერთობ მნიშვნელოვანია. კომიტეტში პრინციპულად მიაჩნიათ, რომ  დაცულ ტერიტორიებზე დაიშვას მხოლო და მხოლოდ მცირე ელექტროსადგურების, არაუმეტეს 6 მეგავატისა  და ამასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისიც მხოლოდ მენეჯმენტით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში, ასევე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, ტურიზმის ხელშეწყობის და რეგიონის განვითარების მიზნებისთვის, ამასთანავე მხოლოდ დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის დაურღვევლად.

 

 

 

„ეს არის კომიტეტში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბებული ფორმულირება, მათ შორის თქვენთან ერთად შემუშავებული, რომელიც იმედია, ეს ჩასწორებული ვარიანტი, მეორე მოსმენისას აისახება კანონპროექტში. ამასთანავე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონიდან ამოღებულ უნდა იქნეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხი, რომელიც აისახა არაგვის და თრუსოს დაცული ლანდშაფტების კანონპროექტებში,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

როგორც მანვე აღნიშნა, პრინციპული საკითხი არის ის, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონპროექტიდან ამოღებულ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის თაობაზე, ასევე ცვლილებები უნდა განხორციელდეს არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტის მმართველობის ფორმაში. მან სხვა საკითხებზეც ისაუბრა, რომელთა დროული გადაწყვეტა აუცილებელია იმისათვის, რომ კანონპროექტების მიღების და ამოქმედების შეფერხება არ მოხდეს.

 

ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა სახალხო დამცველსაც, რის შესახებაც სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა ისაუბრა. განსაკუთრებული შენიშვნა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში  წარმოდგენილ ცვლილებებთან   დაკავშირებით დაფიქსირდა, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებდა. ამასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შენიშვნა კომიტეტის მხრიდანაც მომდინარეობდა და კანონპროექტის  ავტორებმა ეს საკითხები გაიზიარეს. ნინო თანდილაშვილის თქმით,  ყველა შენიშვნა, ფაქტობრივად, გაზიარებულია და ფორმულირებებზეც ერთობლივად იმუშავეს, დაზუსტდა ყველა საკითხი, რომელზეც კომიტეტს ჰქონდა შენიშნები.

 

 

 

აღნიშნული საკითხების განხილვას კომიტეტის სხდომაზე ესწრებოდა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელი იან ჩერნიკი - კოოპერაციული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც აქტიურადაა ჩართული საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებებით დაცული ტერიტორიების შექმნის მხარდაჭერის პროგრამებში და განსაკუთრებით აქტიური მხარდამჭერია, ამ შემთხვევაში, არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის კანონთან მიმართებით.

 

 

 

ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელმა თავის მხრივ აღნიშნა დაცული ტერიტორიების დაფუძნების თაობაზე კანონპროექტების მნიშვნელობა და ყველა მხარის ჩართულობა იმისათვის, რომ ქვეყნისათვის   სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მისი თქმით, დაიგეგმა სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით მხარდამჭერი ღონისძიებები, რაც ეხება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, აგრობიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას, ასევე ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის მხარდაჭერას.

 

ნინო წილოსანმა, თავის მხრივ, ჩეხეთის საელჩოს, ყველა დონორ ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს ეკოლოგიის, ბუნების და გარემოს დაცვის მიმართულებით არა ერთ მნიშვნელოვან დონაციას აკეთებენ და საინტერესო პროექტებს ახორციელებენ.

 

 

 

კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად კიდევ რამდენიმე საკითხი გამოიტანა.

 

მათ შორის:

 

 

 

მესამე - საბოლოო მოსმენით წარადგინა  კანონპროექტი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლითაც  განსაზღვრულია პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ახალი ფართობი და კოორდინატები.

 

 

 

 რედაქციული ხასიათის ცვლილებები, მომხსენებლის ინფორმაციით კანონპროექტს არ განუცდია და წარმოდგენილია იგივე რედაქცია, რაც მეორე მოსმენისას იყო.

 

ამგვარად, კანონპროექტის მიღების შედეგად, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). თუ კი დემარკაციამდე პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ფართობი შეადგენდა 46,6 ჰა-ს, დემარკაციის შედეგად ბუნების ძეგლის ფართობი შემცირდა 5,6 ჰა-ით და შეადგინა 41 ჰა.

 

მეორე მოსმენით - კანონპროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". ეს კანონპროექტი ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების გაფართოებას ითვალისწინებს. მან კანონმდებლებს შეახსენა, რომ კანონპროექტის ძირითადი მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული ორი სახეობის - კავკასიური კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) და კავკასიური არჩვისთვის (Rupicapra rupicapra caucasica) დასავლეთ მცირე კავკასიონზე ეკოლოგიური დერეფნების შექმნა. შესაბამისად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება 4179,6 ჰექტარით და ადიგენის მუნიციპალიეტეტში მდებარე ტერიტორიის ნაწილს მიენიჭება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული ეროვნული პარკის სტატუსი.

 

 

 

კომიტეტის წევრებს კითხვები და შენიშვნები კანონპროექტის ცალკეული მუხლების მიმართ არ ჰქონდათ.

 

შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა სამი საკითხი:  მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“, მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

 

 

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემები და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი გააცნო, ძირითად მაჩვენებლებზე გააკეთა აქცენტები და შემდეგ უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს.

 

 

 

მან ისაუბრა 2019 წლის შესრულების ანალიზზე, 2020 წლის და შემდგომი წლების მიმართულებით მოსალოდნელ პროგნოზებზე. მისი თქმით ბოლო წლების განმავლობაში  ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები მუდმივად გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდებოდა და ეს განსაკუთრებით 2019 წელს გამოჩნდა. უწყებების მხრიდანაც საკმაოდ კარგი იყო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, მაგალითად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით102,9% იყო შესრულება.

 

 

 

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, წინა წლების ტენდენციები 2020 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა, კარგი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარშიც, თუმცა პანდემიამ თავისი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც იმოქმედა და უკვე მარტიდან ეკონომიკურმა ზრდამ შემცირება დაიწყო. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. მისი თქმით,  ამგვარად ბიუჯეტში ასახულია ის ანტიკრიზისული გეგმა სრულად, რაც ერთიანად არის ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული. ეკონომიკური აქტივობის შემცირება იწვევს ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას, თუმცა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამის მიუხედავად, არც ერთი პროგრამა და პროექტი  არ გაუქმდება და ხდება მათი გადავადება. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში სრულად არის გათვალისწინებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მომდევნო წლების პროგნოზებზეც გაამახვილა ყურადღება.

 

 

 

კომიტეტმა ასევე განიხილა  პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სულხან მახათაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას ისახავს მიზნად წარმოდგენილი ცვლილებები და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება განპირობებულია ნარჩენების მართვის კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობით, ასევე, კოდექსის მთელი რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად. კომიტეტის წევრებს ცალკეული მუხლების მიმართ შენიშვნები არ ჰქონდათ.

 

 

 

დასასრულს, კომიტეტმა განხილულ საკითხებს კენჭისყრით მხარდაჭერა გამოუცხადა.