გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიას პროტესტით მიმართავს

17-06-2020

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს წერილს, რომელიც დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსოს მმართველის მიმართ არის დაწერილი.

წერილში მითითებულია, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსებას აპროტესტებს.

წერილს უცვლელად გთვაზობთ.

"თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

მოგმართავთ ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანი შემდეგი საკითხის გამო, ინტერნეტში გამოქვეყნებული ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ გაქვთ სურვილი, პარიზში გახსნათ ქართული სამრევლო და მის წინამძღვრად დანიშნოთ ამჟამად თქვენს იურისდიქციაში მყოფი ქართველი ეროვნების მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იეროთეოზი (მარგველაშვილი), რომელიც ა.წ. 20 ივნისისთვის აპირებს ქართველებისთვის პირველი წირვის ჩატარებას. გაცნობებთ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ დროებით მყოფ ჩვენს თანამემამულეებზე სულიერ მზრუნველობას ახორციელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები უცხოეთში მყოფ თავის სამწყსოსთან მიმართებაში.

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენ გახსნილი გვაქვს ეპარქიები და სამრევლოები. საქართველოს საპატრიარქოდან ევროპაში ოთხი მღვდელმთავარი მოღვაწეობს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), რომელიც ფარავს საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, შვეიცარიას, პორტუგალიას, მალტას და რომელიც მოიცავს 57 სამრევლოს, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), რომელიც მოიცავს 20 სამრევლოს: დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული), რომელიც მოიცავს რვა სამრევლოს; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), რომელიც მოიცავს რვა სამრევლოს; გაცნობებთ, იმასაც რომ ქალაქ პარიზში 2009 წლიდან არსებობს წმ. თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესია თავის სამწყსოთი, რომელიც მიტროპოლიტ აბრაამის დაქვემდებარებაშია და რომელსაც წინამძღვრობს საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი).

ტაძართან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და კატეხიზაციის კურსები; ჩამოყალიბებულია ქართულ ხალხურ მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდი, ასევე სპორტსმენთა ახალგაზრდული კლუბი.

არქიმანდრიტი ანტონი პარალელურად მზრუნველობას უწევს ჩვენს მრევლს საფრანგეთის 15 დიდ ქალაქში და ყოველ შაბათს მორიგეობით ატარებს იქ წირვებს. ამიტომაც, არქიმანდრიტ იეროთეოსის ხელმძღვანელობით ქართული სამრევლოს დაარსების სურვილი ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და მივიჩნევთ თქვენთან სათანადო კომუნიკაციის არქონის შედეგად, ვიმედოვნებთ, ეს გაუგებრობა დროულად აღმოიფხვრება და არ გახდება იგი დაბრკოლების მიზეზი ჩვენი ურთიერთობისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ", – აღნიშნულია წერილში.