17-06-2020
ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა! პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგანტო ავრცელებს.
„’კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოში ამ სახეობის სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის!
პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ.
ახალშობილი ქურციკები, დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში, ძალიან რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ. ამ ფოტოების მოპოვებაც, ძალიან დიდი ნებისყოფის, მოთმინებისა და დაკვირვების შედეგია.
ქურციკები ძალიან ფრთხილი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. დედა ქურციკიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება ლიკლიკას, თუ საფრთხეს არ გრძნობს.
ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა.
2013 წლიდან, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის(BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება“- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.