26-02-2018
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2019 წლამდე ვერ შევა. 2015 წელს დაწყებულ პროექტზე ჯერ მხოლოდ განაღმვითი სამუშაოები შესრულდა.
რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ყოფილ სატანკო ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს თითქმის ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ. სამუშაოების პარალელურად ნაწილობრივ დაიხურა ნიკეას ნაგავსაყრელი და მუნიციპალიტეტი ახალი ნაგავსაყრელის გახსნის შემდეგ მის სრულად დახურვას აანონსებდა.
იმერეთის ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას რეგიონული განვითარების სამინისტროს და მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს. კომპანიის დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე ადასტურებს, რომ ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს და რომ პროცესი ტენდერის გამოცხადების შემდეგ განახლდება.
"ადგილზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ნებართვის მიღების ეტაპზე ვართ, მოწმდება გარემოზე ზემოქმედება. გამოცხადდება ტენდერი, შეირჩევა გამარჯვებული, შეიქმნება საინჟინრო ნახაზი და სავარაუდოდ, ახალი ნაგავსაყრელი სრულად 2019 წლიდან შევა ექსპლუატაციაში"-განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ. ჩიკვილაძის განცხადებით, ადგილზე არ მოეწყობა ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო.
"ნარჩენები, ვიდრე ნაგავსაყრელზე შემოვა, არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, მუნიციპალიტეტებმა თავად უნდა მოახდინოს მათი დახარისხება და მიაწოდონ კომპანიებს, რომლებიც ახდენენ სხვადასხვა სეგმენტის ნარჩენის გადამუშავებას ან შემოიტანენ ნაგავსაყრელზე, სადაც კომპანია დაასაწყობებს ამ ნარჩენებს",-განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.
რაც შეეხება ნარჩენების მუნიციპალიტეტში დახარისხებას, 2019 წლიდან ახალი რეგულაციებით ყველა მუნიციპალიტეტს ნარჩენების დახარისხება დაევალება, მუნიციპალიტეტებმა უნდა განათავსონ სხვადასხვა კატეგორიის ურნები, რომ მოხდეს ნარჩენების განცალკევება.
მყარია ნარჩენების მართვის კომპანიაში ამის კარგ მაგალითად ქუთაისი მოყავთ, სადაც პლასტმასის შესაგროვებლად ურნები დაიდგა, თუმცა პროექტი ნაწილობრივ წარმატებული აღმოჩნდა და ამ დროისთვის დასუფთავების თანამშრომლების მიერ ადგილი ქონდა ფაქტს, როდესაც განცალკევებით შეგროვებულ ნარჩენებს სხვა სახის ნარჩენებთან ათავსებენ.
მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ ნარჩნების დახარისხება კვლავ ხდება და ამ მიმართჲლებით არაფერი შეცვლილა. მათივე თქმით, თუ გამოიკვეთა შემთხევა, როდესაც ნარჩენების ერთ მანქანაში განთავსება მოხდა, ამაზე მტკიცებულებების საფუძველზე მოკვლევა დაიწყება.
ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას სოფელ გოდოგნის მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. მათ არაერთი აქცია გამართეს და სხვა ადგილის შერჩევა მოითხოვეს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში გვიდასტურებენ, რომ პრობლემა მოგვარდა და ბოლო შეხვედრაზე მოსახლეობას პროტესტი არ გამოუთქვამს. მათი ინფორმაციით, ბოლო შეხვედრა გასული წლის აპრილში მოხდა, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია ნაგავსაყრელის გადატანის მოთხოვნით შემდეგაც გამართა.
რაც შეეხება ქუთაისს, ამ დროისთვის ნარჩენების განთავსება ნიკეას ნაგავსაყრელზე ხდება. არსებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ნიკეას ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას 2019 წლის ბოლომდე გააგრძელებს.