26-02-2018
აჭარის მთავრობა ნაციონალური მოძრაობის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის რუსი გენერლებისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემას ეხება.
„ნაცმოძრაობის დღევანდელი განცხადება, რომელიც თითქოს რუსი გენერლებისთვის ქონების გადაცემას ეხება, არის მორიგი ტყუილი და ფაქტის დამახინჯების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ემოციაზე გავლენის მოხდენას, თუმცა მათი მხრიდან მსგავსი თემებით მანიპულირებას უკვე მიეჩვია საზოგადოება და გვჯერა, რომ ისინი არ მოტყუვდებიან.
საქმე ეხება სასამართლოში ფიზიკური პირის ქონების დავის საკითხს. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ისევე როგორც ქუთაისიის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ენვერ ცეცხლაძის სარჩელი ახალ ბულვარში მდებარე ქონების მის საკუთრებად ცნობის თაობაზე. შედეგად ენვერ ცეცხლაძემ აღიდგინა საკუთრების უფლება. ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება და აჭარის მთავრობა არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს სასამართლო გადაწყვეტილებაში.
კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი განცხადება არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რუსული გავლენების თემით მანიპულირების კამპანიის ნაწილი“-ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.