„არავის ეგონოს, რომ თამაზ თამაზაშვილს მართლა ბრალი მიუძღვის იმ საშინელ დანაშაულში, რომელმაც თავის დროზე ყველა შეგვძრა. სწორედ ამიტომ, არა სხვა, არა ვინმე და არც თუნდაც გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრები, არამედ თვითონ თამაზაშვილი ითხოვს დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს სიმართლე. თამაზ თამაზაშვილი მზადაა გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ჩვენება მისცეს და კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რომ ციხისთავის ე.წ. სკანდალური განცხადება არის მორიგი ბინძური ცილისწამება მის მიმართ, რაც თავისთავად ემსახურება კიდევ უფრო მთავარ მიზანს - ირაკლი ღარიბაშვილის სახელისა და ღირსების დისკრედიტაციას“, - აცხადებს თამაზ თამაზაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი.
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პატიმარ კონსტანტინე ციხისთავის მონათხრობი გაავრცელა. ციხისთავის განცხადებით, გიორგი სანაია ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის ციხისთაცი კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილსაც ასახელებს. კონსტანტინე ციხისთავი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრია.
„გაიჟღერა, თითქოს თამაზ თამაზაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. ეს მაშინ, როდესაც მას დაუკავშირდნენ მხოლოდ გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს, 19 თებერვალს და 18-ში უარს ვერ იტყოდა“, - აღნიშნავს თამაზაშვილის ადვოკატი.
ჟურნალისტი და გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი, 26 წლის გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. გამოძიებამ მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა და პასუხისგებაში გრიგოლ ხურცილავა მისცა. 2003 წლის 9 ივლისს, სასამართლომ ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან 2013 წელს გათავისუფლდა.