საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ ფილოლოგიის (ტიპოლოგიური ლინგვისტიკა, ქართული ლიტერატურა) სადოქტორო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების საკითხზე ორი კვირის წინ იმსჯელა. თელავის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, შალვა ჭკადუას განცხადებით, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, სადაც აკრედიტაციაზე უარის თქმის მიზეზები იქნება განმარტებული, ჯერ მიღებული არ აქვთ.
„აკრედიტაცია მხოლოდ ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამამ ვერ გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა აღარ გვაქვს და შესაბამისად, სტუდენტები ვეღარ ისწავლიან. ამ პროგრამით მიღებული სტუდენტები სწავლას ვეღარ დაასრულებენ, ვიდრე პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია არ ექნება. ისინი უფლებამოსილები არიან, ისარგებლონ შიდა ან გარე მობილობით, ან შეიჩერონ სტუდენტის სტატუსი მანამ, სანამ აკრედიტაციას ხელახლა არ მივიღებთ. წინ უნივერსიტეტის ავტორიზაციის პერიოდი გვაქვს, რომელიც დაახლოებით სექტემბერში დასრულდება. ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის განახლებაზე ფიქრს ამის შემდეგ დავიწყებთ“, - განაცხადა შალვა ჭკადუამ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის რიგგარეშე მობილობა 26 თებერვალს გამოაცხადა. სტუდენტებმა სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე 19 მარტის ჩათვლით უნდა მიმართონ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სულ 10 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა აქვს. 2018 წელს აკრედიტაცია მიიღო მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის პროგრამამ. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს აკრედიტაციის საბჭო ისტორიის სადოქტორო პროგრამასთან დაკავშირებით.
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ წელს სულ 38 საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა. 12 პროგრამას აკრედიტაციზე უარი ეთქვა, 19 პროგრამას სრული, ხოლო შვიდს პირობითი აკრედიტაცია მიენიჭა. წელსვე ავტორიზაცია გაუუქმდა ორ უმაღლეს სასწავლებელს - თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ და თბილისის საერთაშორისო აკადემიას.