17-11-2017
„საქართველოს ბანკის“ ახალციხის ფილიალიში ფიზიკური პირების ბანკირი ნინო ტაბატაძე სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
ტაბატაძე სამსახურიდან 5 სექტემბერს გაათავისუფლეს, იმ მიზეზით, რომ მან 19 ივნისს ბანკის კლიენტის ანგარიშიდან თანხა მისი მეუღლის ანგარიშზე გადარიცხა. აღნიშნული ოპერაცია დისტანციურად განახორციელა.
„ჩემი მეუღლის სამსახურში ბუღალტერს, რომელიც ჩვენი ბანკის მუდმივი კლიენტია, ბარათი ჰქონდა დაკარგული, ამ ბარათიდან კი თანხა სასწრაფოდ უნდა გამოეტანა, რადგან სამსახურში ეს ფული სჭრიდებოდათ. დამირეკა და დახმარება მთხოვა, თავის ანგარიშზე წვდომა მომცა, შევედი და 180 ლარი ჩემი მეუღლის ანგარიშზე გადავრიცხე“, – ამბობს ნინო ტაბატაძე.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ აღნიშნულ მომხმარებელს ენდობოდა, იგი ბანკის მუდმივი კლიენტი იყო და არც თანხის ოდენობა იყო დიდი, ოპერაცია დაუფიქრებლად განახორციელა: „რა თქმა უნდა ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრს არ უნდა მოვემსახურო და ეს დარღვევაა, მაგრამ რადგან გადარიცხვა დისტანციურად განვახორციელე და ჩემი მეუღლე ჩემს წინ არ იჯდა, უცებ ვერ გავიაზრე, რომ თანხას მის ანგარიშზე ვრიცხავდი“.
ამ ოპერაციის განხორციელების შემდეგ ბანკმა შიდა მოკვლევა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ტაბატაძეს სამსახურში არანაირი შენიშვნა, საყვედური, ან გაფრთხილება მიღებული არ ჰქონდა, მის მიერ მეუღლის ანგარიშის მომსახურება ‘საქართველოს ბანკმა’ უხეშ დარღვევად მიიჩნია და და შიდა მოკვლევის დასრულების თანავე ტაბატაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.
„საქართველოს ბანკის“ შესაგებელში ვკითხულობთ რომ ტაბატაძის მიერ დარღვეული იქნა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკა“. ასევე ტრანზაქცია შესრულებულ იქნა პირის სერვის ცენტრში უშუალოდ გამოცხადების გარეშე.
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის“ დოკუმენტის მიხედვით კი დაუშვებელია თანამშრომლისთვის ისეთი პერსონალური ტრანზაქციის განხორციელება, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ბანკის კეთილდღეობასა და მის რეპუტაციას, ასევე უპირატესობას ანიჭებს მასთან დაკავშირებულ პირებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, ან თანამშრომლებს. გარდა ამისა, შინაგანაწესის მიხედვით, ბანკის თანამშრომელმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს სხვისი კონფიდენციალური ინფორმაცია, ასევე არ უნდა დაუშვას არასაჯარო ინფორმაციის ბანკიდან გატანა.
„შრომის კოდექსის პირველი ნაწილის ზ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშკერულებით, ან კოლექტიური ხელშკერულებით, ან და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა“, – ვკითხულობთ „საქართველოს ბანკის“ შესაგებელში.
უხეშ დარღვევად არ მიიჩნია ტაბატაძის მიერ შესრულებული ოპერაცია, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნათია მერაბიშვილმა: „ეს დარღვევა არ იყო იმ ხარისხის, რომ უალტერნატივოდ გათავისუფლებულიყო ტაბატაძე სამსახურიდან“, – განაცადა მან სასამართლო დარბაზში.
მოსამართლის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა: „ეს შეიძლება მაშინ გამოიყენო, როცა სხვა უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი ეკარგება“.
აქედან გამომდინარე, მოსამართლემ ტაბატაძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, მან ბათილად ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 5 სექტემბერს დაწერილი ბრძანება, ასევე „საქართველოს ბანკს“ დაავალა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა.
გაასაჩივრებს თუ არა „საქართველოს ბანკის“ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას უცნობია. მისმა წარმომადგენელმა ნანა ნატროშვილმა სასამართლო დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა.
ნათია მერაბიშვილმა ნინო ტაბატაძის ადმინისტრაციულ სარჩელზე გადაწყვეტილება დღეს, 17 ნომებერს გამოაცხადა. ტაბატაძემ სარჩელი სასამართლოში 5 ოქტომბერს შეიტანა.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"