გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ავარიაში მოვყევი და ნაიარევი მქონდა სახეზე – “მის თბილისი 99”-ის ბოლო პოდიუმი პანკისში და წარმატების გზა ამერიკამდე

29-06-2020

საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ლამაზი მანდილოსნებით, თუმცა მოდის ინდუსტრიამ ფეხი, ჩვენს ქვეყანაში პირველად იმ დროს აიდგა, როდესაც ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება იყო, ანუ 90-იან წლებში.

 

ბევრი მოდელი დღემდე დარჩა პოდიუმზე. ბევრმა სხვა გზა აირჩია და ახლა წარმატებით საქმიანობენ სხვადასხვა სფეროში.

 

ნინო ჩქარეული პოდიუმზე ცოტა ხანს იდგა, თუმცა მისი გამორჩეული გარეგნობის გამო, საზოგადოებას დღემდე ახსოვს.

 

ნინო ახლა ამერიკაში ცხოვრობს, სადაც წარმატებული კარიერა აქვს და ხელოვნების სფეროშია.

„პრაიმტაიმი“ ნინო ჩქარეულს ამერიკაში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

 

– 17-21 წლის ასაკში ვმოდელობდი, 1999 წელს მოვხვდი პირველად პოდიუმზე, იმავე წელს გავხდი „მის თბილისი“.

 

ფაქტობრივად მაგ დროს იწყებოდა მოდის ინდუსტრიის ისტორია საქართველოში და ეს იყო ძალიან ცოცხალი საქმიანობა. საინტერესო დიზაინერები იწყებდნენ საკუთარი მიმართულებების ნახვას.

 

მე სამოდელო სააგენტო „ნატალის“ მოდელი ვიყავი, სისტემატიურად მონაწილეობას ვღებულობდი მაკა ასათიანის ჩვენებებში; იმ დროს თამუნა ინგოროყვამაც გახსნა თავისი პირველი მაღაზია. მე პირადად პარიზიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ 17 წლის ვიყავი და არ წავედი.

 

ნინო ჩქარეული მეგობრებთან ერთად

 

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ამერიკაში წავიდოდი სასწავლებლად და ასეც მოხდა.

 

მიხარია, რომ ასეთი საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და მისი ნაწილი ვიყავი, თუმცა ამერიკაში წამოსვლის შემდეგ, მოდელობაზე აღარც მიფიქრია.

 

– როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება ამერიკაში?

 

– მე თბილისში თსუ-ში ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და ამერიკაშიც ამ კუთხით გავაგრძელე სწავლა.

 

კარგი ნიშნები მყავდა და სტიპენდიით მოვხვდი მასაჩუსეტის შტატში მდებარე მაუნტ ჰოლიოკ კოლეჯში. სწავლის დასრულების შემდეგ, ვმუშაობდი გაეროში, კოლუმბიის უნივერსიტეტში და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში სადაც სოციოლოგიურ კვლევასა და საერთაშორისო ურთიერთობებთან მქონდა შეხება. ამის შემდეგ შვილები გამიჩნდა და მათ ვზრდიდი.

 

ნინო ჩქარეული მის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე

 

ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა და ამ კუთხით ვაგრძელებ მუშაობას ამერიკაში. 2017 წელს შემოთავაზება მივიღე ბერლინში ცნობილი გალერეა კონფელდისგან წიგნი დამეწერა ქართველ ქალ ხელოვანებზე: თამარ კვესიტაძეზე, რუსუდან ხიზანიშვილზე და ნათელა გრიგალაშვილზე.

 

ეს წიგნი 2018 წელს გამოვიდა და მისი სათაურია „მეფე ქალია,“ იგი პირველად ფრანფურკტის წიგნების ბაზრობაზე წარადგინეს.

 

ამასთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში გავუწიე კურირება გამოფენებს ლატვიაში, გერმანიაში, თბილისში, ნიუ იორკში. ზოგადად ნიუ ოირკში ვცხოვრობ.

 

– რა გეგმები გადაგედოთ კორონავირუსის გამო?

 

– რამოდენიმე გამოფენა გადამედო ამერიკაში. მაგრამ ამავე დროს შევეცადე ეს დრო პროდუქტიულად გამომეყენა. რამოდენიმე ესსეც დავწერე და ასევე რია ქებურიას ფონდთან ერთად, გამოვაცხადეთ საგრანტო კონკურსი საქართველოში, რომელიც ხელოვნების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

შევარჩიეთ რვა გამარჯვებული, რომელიც ზაფხულში გაემგზავრება „ამბასადორ კაჭრეთში“ სარეზიდენციო პროგრამით და სავარაუდოდ ოქტომბერში გაკეთდება მათი გამოფენა.

 

 თქვენი შვილების და ოჯახის შესახებ გვიამბეთ…

 

– ჩემი შვილები ხშირად ჩამომყავს საქართველოში, მეუღლეც ქართველი მყავს. ნიუ-იორკი ხელოვნების მსოფლიო ცენტრია და თუ გინდა სერიოზულად იყო ამ დარგში ამაზე კარგი ადგილი არ არსებობს.

 

ადვილად საცხოვრებელი ადგილი არ არის, მაგრამ ბევრ შესაძლებლობას გაძლევს და თუ ჯანსაღი ამბიცია და შესაძლებლობა გაქვს ამას შეძლებ.

 

– სად გაიცანით მომავალი მეუღლე?

 

– ერთმანეთი საქართველოში გავიცანით, საერთო მეგობრების წრეში. შემდეგ ამერიკაში შევხვდით ერთმანეთს. გვყავს ორი შვილი, 7 წლის ვაჟი და 6 წლის გოგონა.

 

ნინო ჩქარეული შვილებთან ერთად

 

 

– კარიერის აწყობისას ყველაზე რთული რა იყო?

 

– როდესაც ამერიკაში ჩამოვედი 21 წლის ვიყავი, ნოსტალგია მქონდა, მაგრამ მალე ჩავერთე ყველაფერში. როგორც გითხარით, თავიდან უფრო საერთაშორისო ურთიერთობების და სოციოლოგიის განხრით ვმუშაობდი, შემდეგ კი კურატორული საქმიანობა და ხელოვნებაზე წერა დავიწყე. ეს ძალიან საინტერესო დარგია.

 

რაც უფრო ისეთი ქვეყნიდან მოდიხარ, რომელიც ნაკლებად არის წარმოჩენილი მსოფლიოში, უფრო საინტერესო კურატორად ითვლები. მე ყოველთვის ვცდილობ ქართველი ხელოვანების წარმოჩენას, რადგან ნამდვილად განსხვავებულ ხელოვნებაზე მუშაობენ. საქართველოს თავისი კულტურული ნიშა აქვს მსოფლიოში.

 

თავიდან როცა ვამბობდი საქართველოდან ვარ-მეთქი, შტატი ეგონათ, ახლა ასე თუ ისე ყველამ იცის, რომ ეს არის ქვეყანა და ჩემს თვალწინ მოხდა ეს ტრანსფორმაცია. მიხარია, რომ ვაკავშირებ ამ ორ კულტურას. ასევე ვწერ ინგლისურად.

 

– პოდიუმი არ გენატრებათ?

 

– არ მომნატრებია, ჩემთვის გავლილი ფაზაა პოდიუმი და არც დავფიქრებულვარ მაგ მიმართულებით აქ. საქართველოში კარგი და სასიამოვნო იყო, მერე უფრო ინტელექტუალურ განხრაზე დავფიქრდი, სხვანაირად მინდოდა თავის დამკვიდრება და ამ გზას გავყევი.

 

– ამბობენ, რომ ავარია შეგემთხვათ და ამიტომ მიატოვეთ პოდიუმი?

 

– ავარიაში ნამდვილად მოვყევი და ეს ადვილი გამოცდილება არ იყო, 19 წლის ვიყავი. ერთი წელი არაფერს ვაკეთებდი, ნაიარევი მქონდა სახეზე, შემდეგ დავუბრუნდი პოდიუმს და მაკა ასათიანის ჩვენებაშიც მივიღე მონაწილეობა პანკისში და მერე წამოვედი აქეთ.

 

მაკა და მისი გუნდი პროფესიონალურად და კარგად უდგებოდა საქმეს, აქაური გადმოსახედიდანაც ასე ვთვლი.

 

მიხარია ქართველი დიზაინერების წარმატებები, მაშინაც ვიცნობდი ნიჭიერ დიზაინერებს, მაგრამ ახლა რომ გლობალური გასაქანი მიეცათ ქართველ დიზაინერებს და მოდელებს სასიხარულოა.

 

ნინო ჩქარეული

 

– საშიში არ იყო მაშინ პანკისში ჩასვლა?

 

– გვეშინოდა მაგრამ დაცულები ვიყავით. ბევრი დაცვა გვყავდა, კარგად იყო ორგანიზებული ყველაფერი. ფიზიკური საფრთხე ნაკლებად იყო, კარგი დადგმა იყო, მახსოვს სუხიშვილების ქორეოგრაფიით გაკეთდა ეს ჩვენება.

 

– წლების შემდეგაც ისევ ისეთი მომხიბვლელი ხართ, როგორც მაშინ როცა პოდიუმზე იდექით, რა არის თქვენი სილამაზის შენარჩუნების საიდუმლო?

 

– ჩემი აზრით თუ აკეთებ იმას რაც გინდა, გაინტერესებს და გიყვარს, ეს სახეზეც გეტყობა. შინაგანად ბედნიერება გარეგნობაზეც აისახება. ამის გარდა კარგია ჯანსაღი კვება, იოგა და სირბილი.

პრაიმტაიმი