გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდელი ექიმების კენკრის ბაღი მარტვილში

29-06-2020

ცოლ - ქმარმა თავდაპირველად თხილი დარგო, შემდეგ კივი, თუმცა როგორც ამბობენ, ამ კულტურებისთვის შეუსაბამო ნიადაგის გამო მცენარეები ვერ გაახარეს. შრომას არ შეუშინდნენ და ნიადაგის კვლევის შემდეგ, ლურჯი მოცვი დარგეს. ამჯერად, მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ფერმერი გვეუბნება, რომ პლანტაცია, რომელზეც მოცვის სამი ჯიში - ლეგასი, ონეილი და ბლუკროპი გაახარა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოაწყო.

Play Video

"3 500 კვ.მ ფართობზე 1 300 -მდე ძირი დავრგეთ. აქ მთავარი არის ნიადაგის მჟავიანობა, ნეიტრალურთან ახლოს იყო, ამიტომ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებაში ვერ მოხვდა ჩემი განაცხადი, მაგრამ საკუთარი სახსრებით გადავწყვიტე გამეშენებინა და მეცადა ეს კულტურა. უკვე ერთი წლის თავზე, 2019 წლის გაზაფხულზე ერთი წლის ნაზარდი საკმაოდ კარგად იყო განვითარებული, მეორე ამდენივე დავრგე 2019 წელს, გავაფართოვე ნაკვეთი და პირველი ნერგებიდან წელს უკვე მაქვს მოსავალი. ერთ ძირზე, დაახლოებით, 800 გრამამდე კენკრა მივიღე", - გვიყვება იელი კაკულია.

მისი თქმით, მოცვის კრეფის სეზონზე სამი ადგილობრივი ჰყავთ დასაქმებული, საოჯახო მეურნეობის საქმეებში ნათესავებიც ეხმარებიან.

იელი და მაია ზუგდიდის რეგიონულ ჰოსპიტალში წლებია მუშაობენ. მაია სარია ტრანსფუზიოლოგია, იელი კი რეანიმატოლოგ - ანესთეზიოლოგი. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა ბაღის მოსავლელად დროს ყოველთვის პოულობენ.

"მორიგეობასა და მორიგეობას შორის ვახერხებ წამოვიდე აქ, ვიმუშაო. ისევ მორიგეობაზე ზოგჯერ აქედან მივდივარ, უშრომელად არაფერი არ მოდის, მცდელობამ და შრომამ შედეგი გამოიღო. სოფელი რთულია, ამინდი ყოველთვის ხელს არ გიწყობს, ზოგჯერ ძაან ცხელა, ან ძაან ცივა, მაგრამ როცა შედეგს ნახულობ, ყველანაირ ამინდში ახერხებ იმუშაო, გამოძებნო დრო და ხარ, ერთი სიტყვით, საინტერესო შრომაში’’, - ამბობს იელი კაკულია.

სოფელში კიდევ ერთი საზრუნავი გაუჩნდათ - მიუსაფარი ძაღლების მოვლა. როგორც ამბობენ, თითქმის ყოველ ჩასვლაზე ხვდებათ ეზოში უპატრონო ცხოველები, რომლებსაც თავშესაფრის და საკვების გარეშე არასოდეს ტოვებენ.

"ამ ძაღლებს ძალიან უყვართ მოცვი, იპარებიან პლანტაციაში და ბევრს ჭამდნენ. ამიტომ იძულებულები გავხდით დაგვება ერთ-ერთი", - გვეუბნება იელი და ეღიმება.

დარწმუნებულია, რომ მეუღლის მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე არაფერი გამოუვიდოდა. ცოლ-ქმარი საქმეს თანაბრად ინაწილებს და ცდილობს სოფელში მეტი დრო გაატაროს.

„ჩვენი სურვილია შვილებმა გააგრძელონ ჩვენი საქმე, სოფელს პატრონი სჭირდება და თუ ხალხი სოფელს დაუბრუნდება, ეს არის ძალიან კარგი. მთელი ოჯახი ვეხმარებით ერთმანეთს, სამსახურში ვიღებთ შვებულებას და ზაფხულის მთელ ერთ თვეს ვატარებთ სოფელში. მეც თავისთავად მონაწილეობას ვიღებ კენკრის კრეფაში და ეს დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვაში მეხმარება“, - ამბობს მაია.

ამ სეზონზე 800 კილოგრამამდე მოცვის მოსავალს ელოდებიან, რომელსაც მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე გაიტანენ. სამომავლოდ ფერმერები პლანტაციის გაფართოებას და სახელმწიფო გრანტის მოპოვებას გეგმავენ.

რადიო ათინათი