17-11-2017
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" დაფინანსება 590 000 ლარით გაიზარდა.
მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხებით, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ტექნიკის შესანახი შენობა აშენდა და საჭირო ფართის დასაქირავებლად დამატებითი თანხები აღარ დაიხარჯება.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, წარმოქმნილი სატენდერო ეკონომიები სხვადასხვა სფეროებზე წარმატებულად გადანაწილდა, მათ შორის "სპეციალურ სერვისებზე".
"წლების განმავლობაში იჯარაში საკმაოდ დიდ თანხებს ვიხდიდით. დაქირავებული კომპანია იჯარის ღირებულების გაზრდას აპირებდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თვითმმართველობის მიწაზე აშენდა ადმინისტრაციული შენობა. ამჯერად, 590 000 ლარი დაიხარჯა, სამაგიეროდ, თანხები მომდევნო წლებში დაიზოგება,"-განაცხადა მურღულიამ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საკუთარი მოსაზრება "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა დავით გოგისვანიძემ დააფიქსირა. გოგისვანიძე განმარტავს, რომ პარტია დაინტერესებულია, თუ როგორ გადაანაწილებს "სპეციალური სერვისები" მიღებულ თანხას.
"თანხები საკმაოდ სოლიდურია, ამიტომ ჩვენი პარტია გამოითხოვს დოკუმენტაციას და დეტალურად განიხილავს დანახარჯებს,"-განაცხადა გოგისვანიძემ.
აღნიშნული საკითხი ქუთაისში მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე განიხილეს.
წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"