28-02-2018
ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ქალაქში მესამე წელია ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“ ფუნქციონირებს და აღნიშნულ არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ.
როგორც საკრებულოს წევრები აცხადებენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეაგირება გუშინვე მოახდინა და წერილობით შესაბამის უწყებას მიმართა.
”გამოდის, რომ ფოთელები, რომლებიც ზუგდიდის ეროვნულ ცენტრში შეიტანენ საბუთს,ზუგდიდის უნივერსიტეტში ისწავლიან? ახალგაზრდობის 98% თბილისში მიდის. ანუ, ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აკაკი დარჯანიამ. მისივე ინფორმაციით, პროცესში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბიაც ჩაერთო.
გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძემ განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში წელს არ ჩატარდება, რადგან ამ ქალაქებში უმაღლესი სასწავლებლები არ არის.