გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

1-07-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ვირტუალურ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტმა ჯონათან ბრუკსმა გახსნა.

მიხეილ ჩხენკელი: მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, შევაჯამო ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერო თანამშრომლობის შედეგად მიღწეული თვალსაჩინო პროგრესი საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლობა აშშ-მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მიმართ განათლების რეფორმის მხარდაჭერისთვის და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მთელი გულით მივულოცო ჩემს ამერიკელ მეგობრებსა და ამერიკელ ხალხს აშშ-დამოუკიდებლობის დღე.“

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ მეორე კომპაქტის ფარგლებში MCC-ს მიერ საქართველოს განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებულმა უმსხვილესმა ინვესტიციამ  მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე. მინისტრმა გამოყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამები STEM-ის მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.

მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის ახალი 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის  შესახებაც ისაუბრა, რომელიც  საქართველოს საჯარო სკოლებში ინტერაქტიული სწავლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროგრამა  მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან (MCC) მომავალი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) წარმომადგენლები.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტი საქართველოში 2014 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში. 2014-2019 წლებში აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულების – ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა პროექტები, რომლებმაც საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (STEM) განათლების განვითარებას შეუწყო ხელი. კომპაქტის ინვესტიციამ მოიცვა განათლების სისტემის თითქმის მთელი სექტორი – ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, რაც სამომავლოდ  საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს.

კომპაქტის ფარგლებში 2014-2019 წლებში სრულად რეაბილიტირდა 91 საჯარო სკოლა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, შემუშავდა 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვეობით აშშ-ში აკრედიტებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებზე განათლებას ამ ეტაპისთვის 600-მდე სტუდენტი იღებს.