2-07-2020
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იანეთსა და ბაშში ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით თერმული ნისლით მუშავდება. შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების სრული დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ღამის საათებში ტარდება. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მოსახლეობას დაგეგმილი წამლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ.
საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალისტები თერმული ნისლის პარალელურად იყენებენ ცივი შესხურების ტექნოლოგიას. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 35 000 ჰა ფართობი. სიმინდის საყანე ფართობებში ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ინტენსიურად გაგრძელდება.
ფუტკრის დაცვის მიზნით, შეწამვლითი სამუშაოები მეფუტკრეებთან კოორდინირებულად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებებს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია ეცნობა.