3-07-2020
ფოთში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მამა მომხდარის დეტალებს იხსენებს. გივი ტყებუჩავას თქმით, ის შვილთან ერთად ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
მისივე თქმით, იქიდან გამოსულებს თავს რამდენიმე პირი დაესხა. როგორც თავად ყვება, მან შვილის დაცვა სცადა, თუმცა ვერ შეძლო და უცნობმა ადამიანებმა ის გაიტაცეს.
მოკლულის მამას სახის არეში დაზიანებები აღენიშნება. იგი შვილის კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობას არ ადასტურებს. იმასაც უარყოფს, რომ მას ემუქრებოდნენ. მისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მოკლულს კავშირი ე. წ. ქურდულ გარჩევებთან.
„სამძიმრიდან რომ გამოვედით, სპეცრაზმი მეგონა ისე შემოვარდნენ, თეთრი, „მარშუტკის“ მსგავსი მანქანით იყვნენ. მე მანქანის კარი ჩამიკეტეს, ვერ გადმოვედი, ჩემი შვილი ჩასვეს და გაუჩინარდნენ.როცა შვილს ვიცავდი მეც მომხვდა ხელი. იარაღი არ შემიმჩნევია, ხელკეტებით იყვნენ.
პოლიციისთვის არ მიმიმართავს, ვეძებდი ყველგან, მერე პოლიცია თვითონ მოვიდა ჩემთან. ქურდულ გარჩევებთან ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი არ ვიცი. მას სახლში ისეთი არავინ მოყავდა. ბავშვობაში ბაირამიდთან მეგობრობდა, მერე თუ რაიმე სახის დაპირისპირება ჰქონდათ, ვერ გეტყვით. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ,“- აცხადებს გივი ტყებუჩავა.
შეგახსენებთ, გუშინ 43 წლის მამაკაცი მოკლეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.