გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქალაქის ბილბორდზე გამოსახული სამთოელები – „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი ტრადიცია

6-07-2020

აქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, იმერეთში თუ მოხვდებით, კერძოდ კი,  ჭიათურაში, აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის შესასვლელში განთავსებულ ბილბორდს. თუ შეჩერდებით და უფრო კარგად დააკვირდებით, დაინახავთ ახალგაზრდა მაღაროელებს, რომლებიც სპეციალური აღჭურვილობით, სამუშაო ფორმაში გამოწყობილები ფოტოზე არიან აღბეჭდილნი.

 

საზოგადოება მიჩვეულია, რომ ბილბორდები ძირითადად სარეკლამო ხასიათისაა, თუმცა, ამ შემთხვევაში „პრაიმტაიმის“ ყურადღება მისმა აღწერამ  მიიქცია: „მაღაროელთა ქალაქის საამაყო სამთოელები – ჭიათურა. 2020 წელი“.

 

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ეს ახალი ტრადიციაა, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზმა“ დაამკვიდრა, კომპანიამ, რომელიც ამ მხარეში ოპერირებს. საუბარია ჭიათურის სამთო-გამამდიდებელ კომბინატსა და იქ დასაქმებულებზე – კომპანია ყოველი თვის დასაწყისში იმ სპეციალისტებს გამოავლენს, რომლებმაც საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. „ჯორჯიან მანგანეზი“ კი თავის მხრივ, თვის წარმატებულ თანამშრომლებს ბილბორდებზე, ფოტოს სახით განათავსებს და ამ ფორმით, თავისი დასაქმებულების მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

როცა შენი შრომა ფასდება და ამის შესახებ არამხოლოდ შენმა დამსაქმებელმა და შენ იცით, არამედ უკვე მთელი ქალაქი ამაზე საუბრობს, უდავოდ სტიმულის მომცემია. „პრაიმტაიმი“ თვის წარმატებულ მაღაროელებს დაუკავშირდა და ახალი იდეისა და ტრადიციის შესახებ მათ მოკლე კომენტარი სთხოვა.

 

რატი სამხარაძე – პატარიძის სახელობის მაღაროს გვირაბგამყვანი:

„ძალიან გახარებული ვარ, პირველ რიგში, თვის ბრიგადად რომ შეგვარჩიეს, ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო. ჩემთვის სამთოელის პროფესია ნამდვილად საამაყოა, ხოლო როდესაც გაფასებენ და შენ შრომას ხედავენ, ეს უკვე ორმაგად სასიხარულოა. მიმაჩნია, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელი პირები თანამშრომლების მუშაობას აკვირდებიან და შესაბამისად აფასებენ.

 

ეს ამბავი სტიმულის მიმცემი ყველა ადამიანისთვის იქნებოდა, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც მე ვარ. სურვილი გამიჩნდა, რომ შემდეგ თვეში წარმატებული მაღაროელი ისევ მე ვიყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ხელმძღვანელმა პირებმა უნდა შეაფასონ.

 

ჩემს თანამშრომლებს ვურჩევდი, რომ არ გაჩერდნენ – მუხლჩაუხრელად შრომას ბევრი სასიამოვნო  და მოულოდნელი შედეგი მოაქვს.


 

რუსლან ტყემალაძე – პატარიძის სახელობის მაღაროს გვირაბგამყვანი:

სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ამდენ მაღაროელში გამოგარჩევენ. გამოარჩევენ შენს დამსახურებასა და ღვაწლს კომპანიის  წინაშე. ჩემთვის, როგორც რიგითი ჭიათურელისთვის, ჩემი ქალაქის შესასვლელში ბანერზე საკუთარი თავის ხილვა  ნამდვილად საამაყოა.  ამით ჩემი ახლობლებიც ამაყობენ. ხელმძღვანელობის მხრიდან ნამდვილად დასაფასებელი და სტიმულის მომცემია, რომ ჩვენს მძიმე შრომას აფასებენ. ამ ფაქტმა სტიმული ნამდვილად მომცა, იმისთვის, რომ ჩემს საქმეში მეტი ვაკეთო. სხვა მაღაროელებს ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ და იყვნენ წარმატებულები.

 

ინიციატივის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზმა“  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა, აქვე ვკითხულობთ კომპანიის დირექტორის, მერაბ ლომინაძის კომენტარს:

“ჯორჯიან მანგანეზი” არის კომპანია, რომელზეც საქართველოს ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ეს პლატფორმა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ. ჩვენთან არაერთი პროფესიონალი კადრია დასაქმებული და დიახ, დიდწილად ჩვენი წარმატება სწორედ მათ შრომაზეა დამოკიდებული.

 

შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ქვეყნის დოვლათს ქმნის და თავის პროფესიას პასუხისმგებლობით ეკიდება, აუცილებლად უნდა დავაფასოთ. მათი პროფესიონალიზმი, წარმატებული საქმიანობა მხოლოდ ერთი კომპანიის კეთილდღეობაზე არ აისახება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ყოველთვიურად, ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი თანამშრომლების შრომა და, შედეგებიდან გამომდინარე, შევარჩიოთ მათგან საუკეთესო ბრიგადები.

ვფიქრობ, ძალიან კარგ ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი დასაქმებულების მიმართ მადლიერება ღიადაც გამოვხატოთ. ვაფასებ თითოეული სამთოელის, მეტალურგის შრომას. ისინი უდავოდ საამაყონი არიან!”.

 

ცნობისთვის, აღნიშნული ტრადიცია არამხოლოდ ჭიათურაში, არამედ ზესტაფონშიც დამკვიდრდა. მეტალურგების გამოსახულებით ბილბორდი ფეროელების ქალაქებშიც განთავსდება.

ფოტოზე: ვეფხვია იაკობიძე, ზურაბ ქურციკიძე, ბერიკა ყაველაშვილი, რატი სამხარაძე, რუსლან ტყემალაძე და ნოდარ ფალავანდიშვილი.


პრაიმტაიმი