6-07-2020
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი და ბადრი ბასიშვილი იბრძოლებენ.
„მცხეთა-მთიანეთში ოპოზიციური რიგებიდან ცეზარ ჩოჩელი მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.
ის ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი დაამარცხოს.
ცეზარ ჩოჩელი პროდასავლური ფლანგის გაძლიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს“. – ამბობს ინფორმირებული წყარო.
„პრაიმტაიმი“ ბიზნესმენს ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დაუკავშირდა. თუმცა, ჩოჩელმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ვერაფერს დავადასტურებ“. – აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.
რაც შეეხება შიდა ქართლის მაჟორიტარულ ერთეულში ბადრი ბასიშვილის კანდიდატურას, წყაროს ინფორმაციით, მას გორის რაიონში კამპანია უკვე დაწყებული აქვს.
„ბადრი ბასიშვილმა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, მის შეხვედრებს მოსახლეობა აქტიურად ესწრება. ის მმართველი პარტიის კანდიდატის დასამარცხებლად ემზადება, მაჟორიტარ კანდიდატად პარტიამ უკვე დაასახელა.“ – ამბობს წყარო.
ეს ინფორმაცია თავად ბადრი ბასიშვილმა „პრაიმტაიმთან“ ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, ის შიდა ქართლის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად მართლაც დასახელდეს.
ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ ქართლის მოსახლეობა ცვლილებებისთვის მზად არის.
„ჯერჯერობით მაჟორიტარი კანდიდატების სიებზე ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ ვართ. უახლოეს დღეებში, ნაციონალური მოძრაობა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-თან ერთად საზოგადოებას კანდიდატებს წარუდგენს.
შიდა ქართლში ორი მაჟორიტარული ოლქია, ემატება კიდევ ოლქები და არ გამოვრიცხავ, რომელიმე ოლქში ჩემს კანდიდატურაზე იყოს საუბარი.
ჩვენი ნებისმიერი კანდიდატი პირველივე ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. რეალური შანსი გვაქვს, შიდა ქართლში გამარჯვების იმედი დიდი გვაქვს, რადგან მოსახლეობა ცვლილებებისთვის მზად არის.
ოთხ თვეში ხელისუფლება გარწმუნებთ, რომ შეიცვლება და ოპოზიციური ძალები მთავრობას დააკომპლექტებენ.
შიდა ქართლში გმირები ცხოვრობენ, რომლებიც იცავენ საქართველოს და ისინი თავიანთ ქვეყანას არა ოკუპირებულსა და ანექსირებულს, არამედ – ნატოს წევრ ქვეყნად მოიაზრებენ.“ – ამბობს ბადრი ბასიშვილი.