7-07-2020
„დღეს აფხაზეთში რუსეთთან მიერთების კატეგორიული წინააღმდეგი არიან, თუმცა, იქ მოდის თაობა, რომელიც რუსულად აზროვნებს. ადამიანებს აფხაზური გვარებით უკვე რუსული მენტალიტეტი აქვთ. 6-10 წელიწადში იქ მოვლენ ახალგაზრდები, რომლებიც ამის მომხრეები იქნებიან. ეს იქნება თაობა, რომელმაც განათლება რუსეთში მიიღო და ფიქრობს რუსულად“,- ამის შესახებ PIA.GE-ს კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პარტია, რომელმაც რეფერენდუმის გზით, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ქვეყნებისა და რეგიონების რუსეთთან მიერთების შესახებ ინიციატივა გამოთქვა, პუტინთან შეთანხმებით მოქმედებს.
„რუსეთმა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ასე ვთქვათ, აიწყვიტა და ნეოიმპერიალისტურის მიზნები კიდევ უფრო გააფართოვა. ძალიან შემაშფოთებელია აღნიშნული ინიციატივა, რადგან რუსეთში არ არსებობს პარტია, რომელსაც მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის საკითხზე განსახვავებული პოზიცია აქვს, პირიქით, ტერიტორიების გაფართოებას მთელი რუსეთი უჭერს მხარს. ამიტომ მტრად მთელ რუსეთს უნდა აღვიქვამდეთ და არა მხოლოდ პუტინს. ვფიქრობ ეს პარტია პუტინთანაა შეთანხმებული და ასეც რომ არ იყოს, ისინი კარგად გრძნობენ ,რა უნდა რუს ხალხს. რუსებს უნდათ მეტი მიწა და გამუდმებით ამ მიმართულებით მუშაობენ“,- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ექსპერტის აზრით, რუსეთი ცხინვალს კონფლიქტურ ზონაში საქართველოსთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად ტოვებს, თორემ მასთან მიერთებისთვის რეგიონი უკვე დიდი ხანია ზანია მზადაა.
„რაც შეეხება ცხინვალს, იქ განსხვავებული ვითარებაა. რუსეთთან მიერთებისთვის ცხინვალში ნიადაგი დიდი ხანია მზადაა. იქ რამდეჯერმე უკვე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც მოსახლეობამ ხმა მისცა რუსეთთან გაერთიანებას. ყირიმის მითვისების დროს რუსეთმა ცხინვალში იგივე არ გააკეთა და დატოვა სამსჯელოდ. მან ქართველებს ოსებთან საუბრის შანსი დაუტოვა, რადგან საქართველოსთან ურთიერთობები სჭირდება. ასეთი გადაწყვეტილებით, ცხადია, საქართველო უფრო ადვილად გაერთიანდებოდა ნატო-ში და მეტად ანტირუსული გახდებოდა. არის ნიუანსები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება უნდა იყენებდეს. რუსეთს რომ ცხინვალის მიერთება უნდოდეს, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა, რადგან იქ ამის კარგი ნიაგადი უკვე მზადაა",-აღნიშნა კონფლიქტოლოგმა.
რუსეთში იმპერიალისტური გეგმების სხვადსხვა გზით განხორციელების მცდელობების პარალელურად, კიევი ოკუპირებულ დონბასში ეუთოს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლების შეყვანის საკითხს განიხილავს. პოლიტიკოსების აზრით, ეუთოს აღნიშნულ რეგიონში საკუთარი წარმომადგენლების შესაყვანად შესაბამისი სამართლებრივი მანდატი აქვს.
როგორც PIA.GE-სთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა ოკუპირებულ დონბასში მესამე ძალის წარმომადგენლები დაუშვას.
„დონბასი დღეს უფრო რუსულია, ვიდრე უკრაინული, იქ უმეტესად რუსები ცხოვრობენ, შესაბამისად, რუსეთი არ დაუშვებს რეგიონში შევიდეს ის ძალა, რომელსაც თავად ვერ გააკონტროლებს. გამორიცხულია ეუთოს სამშვიდობო მისიას დონბასში შესვლის უფლება მისცენ“,- აღნიშნა კონფლიქტოლოგმა.
რუსეთში პარტია „სიმართლისთვის“ ლიდერის ზახარ პრილეპინის ინიციატივით, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ნორმა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შემადგენლობაში შევა ყველა ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 75% მხარს დაუჭერს რუსეთთან გაერთიანებას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და ასევე, მოლდოვაში და ყველა ქვეყანაში, რომელიც რუსეთთან შეერთების მზადყოფნას გამოთქვამს.
ცნობისთვის, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია განახორციელეს. მალევე ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთის ჯარი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ორ რეგიონს.