7-07-2020
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 წელი და 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს მამაკაცს, რომელმაც ცოლი საქათმეში გამოკეტა. ოჯახში ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებებით ის 2019 წლის თებერვალში დააკავეს.
საქმის მასალების მიხედვით, 8 იანვარს, სოფელ გ-ში, ქალმა 112-ე დარეკა და შსს-ს საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ზარი დაახლოებით 22 საათზე განხორციელდა.
,,მამაკაცმა სქესის გამო
შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, ყოფილ მეუღლეზე იძალადა და დაემუქრა, კერძოდ, მას ზურგისა და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, ამასთან, მოქაჩა თმა ძლიერად და ცულის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. იმავე ღამის საათებში, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, ძალის გამოყენებით შეიყვანა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ფრინველების სადგომში და კარი ჩაუკეტა გარედან ცულით. პოლიციელები შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ საცხოვრებელ სახლში. ტელეფონით დაუკავშირდნენ ქალს, რომლის მითითებითაც იგი ეზოში მდებარე ფრინველების სადგომში ჩაკეტილი იპოვეს. კარი ცულის ტარით იყო დახურული, ხოლო მისი გაღება შიგნიდან შეუძლებელი იყო. საქათმის კარის გაღებისას ქალმა მათ განუცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და ჩაკეტა ფრინველების სადგომში. მამაკაცი ადგილზე დააკავეს" - აღნიშნულია პროკურორის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
განაჩენი გამყარდა მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, რომლებსას ფრინველთა სადგომში გამოკეტილი ქალი დახვდათ. ჩატარდა ექსპერტიზა. ქალს ზურგისა და მუცლის არეში სისხლნაჟღენთი ჩაქცევები აღმოჩნდა.
გამოძიების პროცესში, პროკურორის განმარტებით, გამოიკვეთა სხვა დროს მომხდარი ფაქტებიც. კერძოდ, ერთ-ერთი ძალადობის დროს, მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს თმაზე მოქაჩა ძლიერად, ხოლო ჯერ ხელი და შემდეგ ტაფის სახურავი (მეტალი) სახეში ჩაარტყა.
მეორე ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესზე აღინიშნა, რომ იგი არ წარმოადგენდა ოჯახში ძალადობას, რადგან ამ შემთხვევაში დაზიანებები მამაკაცსაც ჰქონდა მიყენებული. მეორე ფაქტთან დაკავშირებით მოსამართლემ აღინიშნა, რომ ოჯახში ძალადობის კვალიფიკაცია გამორიცხულია.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცი წარდგენილი 3 ბრალებიდან ორ მუხლში - ოჯახში ძალადობისა და მუქარის ნაწილში გამართლდა, ხოლო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში მსჯავრი დაედო. მესამე ფაქტს უშუალოდ პოლიციელები შეესწრნენ, რამაც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა.