17-11-2017
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო გადაწყვეტილებით, ააიპ "სპეციალურ სერვისებს" 590 000 ლარი კაპიტალური ხარჯებისთვის გადაეცა. საუბარია, ააიპის დაქვემდებარებაში არსებული მანქანების განთავსების ადგილსა და სხვადასხვა სამუშაოს განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის მერია ამ მიზნით წლების განმავლობაში უხდიდა ქირას კერძო კომპანიას. ახლა კი, ამ სამუშაოებს "სპეციალური სერვისები" საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელებს.
"ნარჩენების გადამტანი მანქანები, ადმინისტრაცია, სამრეცხაოები, შეკეთება - ამ ყველაფრისთვს ადრე იყო ნაქირავები ტერიტორია და ამაში თანხას ვიხდიდით. თუმცა, კომპანიამ გაგვაფრთხილა, რომ აპირებდა იჯარის თანხის გაზრდას, რის შემდეგაც, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და შევწყვიტეთ ხელშეკრულება კომპანიასთან. იქ კი, სადაც ძაღლების თავშესაფზრია, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და მოწყო ადგილი მანქანებისთვისაც. მართალია, თანხები დაიხარჯა, მაგრამ მომავალ წლებში დაიზოგება ასი ათასობით ლარი", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თანხა სოლიდურია, ამიტომ ისინი თვალს მიადევნებენ ააიპის მიერ აღნიშნული თანხის ხარჯვის პროცესს.
წყარო: "ქუთაისიპოსტი"