გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბოლო წლებში შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები 58%-ით შემცირდა

10-07-2020

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს შინაური  ცხოველების (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას. პრევენციის მიზნით წელიწადში 260 ათასზე მეტი ცხოველი იცრება, ხოლო ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში, დაავადების ამთვისებელ ცხოველებს ინფექციის კერაში იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ.

 

მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით, ცოფის 35 შემთხვევა გამოვლინდა(20 ძაღლი, 10 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველი, 5 გარეული ცხოველი). წელს პროფილაქტიკური ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა 110 ათას ძაღლსა და კატას; იძულებით აიცრა 15 ათასამდე დაავადების ამთვისებელი ცხოველი. წლის ბოლომდე 270 ათასამდე ცხოველის ვაქცინაციაა დაგეგმილი.

 

ბოლო წლებში ჩატარებული მასობრივი ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში ცოფის შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, კერძოდ: 2019 წელს, 2013 წელთან შედარებით, შინაურ  ცხოველებში ცოფის შემთხვევები შემცირდა 58%-ით და შედეგად ადამიანებშიც.  თუმცა, საქართველოში ისევე  როგორც მსოფლიოში გამოწვევად რჩება გარეული და არავაქცინირებული,დაავდებული მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც ცოფის გავრცელების ძირითად წყაროს წარმოადგენენ. ამ მიმართულებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან; შედგა ონლაინ-შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ვეტერინარებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ; მიმდინარეობს მუშაობა  ტრანსსასაზღვრო ორალური ვაქცინაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

 

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო  უფასოდ ახორციელებს და   საჭიროების შემთხვევაში, ყველა მსურველს შეუძლია, დაუკავშირდეს სააგენტოს რეგიონულ და რაიონულ ოფისებს.

 

 სააგენტოს ვეტერინარები მოუწოდებენ მოსახლეობას ცხოველი წელიწადში ერთხელ აცრან, რადგან  ვაქცინაცია დაავადებისაგან დაცვის მთავარი მექანიზმია. ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შედეგი 100%-იანი ლეტალობით მთავრდება.

 

 

 

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან  აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით იმართება საინფორმაციო შეხვედრები, სააგენტოს ვეტერინარები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში  ატარებენ ღია გაკვეთილებს.