11-07-2020
გორში უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. თითქმის ერთსაათიანი ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე ნიაღვარი წარმოიქმნა და მოძრაობა შეფერხდა.
ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი გიორგი გობეჯიშვილი გორის კონკრეტულ უბნებში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ.
,,ნალექი იმდენად ინტენსიური და უხვი იყო, რომ სანიაღვრე არხებმა ვეღარ შეძლო წყლის გატარება და რამდენიმე ქუჩაზე ნიაღვრები წარმოიქმნა. გუბერნიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ხდება თითოეულ ზარზე რეაგირება და ყველა იმ უბნის ადგილზე შემოწმება, სადაც ნიაღვარი დაფიქსირდა. საბედნიეროდ, საცხოვრებელი სახლები დატბორილი არ არის, რამდენიმე ლოკაციაზე შეფერხდა მოძრაობა, ერთ-ერთი რთული უბანია გორში, კომბინატის დასახლებაში ანწუხელიძის ქუჩის კვეთა. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს სასწრაფო დახმარების სამსახურის შენობა და გამოძახებები რომ არ შეფერხდეს, სასწრაფო დახმარების მანქანები ალტერნატიული გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის რამდენიმე ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებენ.