13-07-2020
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ისევ ცხინვალის იზოლატორში რჩება. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. კაცს, სავარაუდოდ, ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლებენ.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს.
საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო პროვოკაციად აფასებს. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად“.
ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაკავების დროს მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. კაცი ფეხშია დაჭრილი. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.