გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მერიებში ხელფასები ყველგან გაიზარდა, ბორჯომმა რა დააშავა? - გიორგი ლომია

1-03-2018

„საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში ხელფასების მომატება ყველგან მოხდა. რა დააშავა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა? ადამიანებს კრედიტები აქვთ აღებული, შვილები ჰყავთ, ოჯახია სარჩენი, 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ“, - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია ბორჯომის საკრებულოსა და მერიას შორის არსებულ დაპირისპირებას.

„მესმის, რომ შესაძლებელი იყო მანამდე მოელაპარაკათ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს და ხელფასების რაღაც ზღვრული ოდენობის მომატება მომხდარიყო. ვინაიდან ასეთი შეთანხმება ვერ მოხდა, ვფიქრობ, სახელფასო პროექტის გატანის ბლოკირება არასწორი იყო და ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება“, - განაცხადა ლომიამ.

მისივე თქმით, ბორჯომში მიმდინარე დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„საკრებულოს სხდომებს „ოცნება“ არ ესწრებოდა და პირდაპირ გამოუცხადა ყველას ბოიკოტი. ამაში ჩვენ გვადანაშაულებდა, თითქოს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტაცია ქმნიდა იქ აჟიოტაჟს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიხსნით ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, ვამბობ, რომ სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ „ოცნებას“. ხელფასების შესახებ პროექტს ჩვენმა სამმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვთვლით, მუნიციპალიტეტის მუშაკს არაფერი დაუშავებია, ის ისეთივე ადამიანია, როგორც სხვა დანარჩენები. თუ სხვას მოემატა ხელფასი, ბუნებრივია მასაც უნდა მოემატოს“, - აღნიშნა ლომიამ.

ბორჯომის თვითმმართველობაში განვითარებულ პროცესებს „პატრიოტთა ალიანსის“ლიდერი ირმა ინაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისიდან ბორჯომში პოლიტიკური პარტიების ლიდერების ჩასვლა თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობაში ჩარევაა.

„ამ დეპუტატებს ხმა ხალხმა მისცა. დღეს ხელფასებზე კი არ უნდა ჩხუბობდნენ, დღეს უნდა ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ იმაზე, როგორ დაეხმარონ ბორჯომის მოსახლეობას. ეს უნდა იყოს საკრებულოს მიზანი. მაგრამ ამ მიზანს დღეს საკრებულო არ ემსახურება იმიტომ, რომ  „ქართული ოცნება“თავიდანვევერ ეგუებოდა და დღესაც ვერ ეგუება ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიციის ყოფნას“, - განაცხადა ინაშვილმა.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე. საკრებულოს უმრავლესობას მერიის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელფასის 900 ლარით, ხოლო მერიის სამსახურების უფროსებისთვის 450 ლარით გაზრდას. საშტატო ნუსხის და ხელფასების გაზრდილი ოდენობის დამტკიცების გარეშე, მერიის თანამშრომლები ორი თვეა ანაზღაურებას ვერ იღებენ.

28 თებერვალს საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 100-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული, პოლიციელები საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს შენობაში არ უშვებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს, საკრებულოს შენობაში დაპირისპირების და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არ უშვებენ.

reginfo.ge