15-07-2020
პროფესიით ეკონომისტი, 69 წლის ნანული ბიძინაშვილი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მოხუცთა თავშესაფარში მოუწევდა ცხოვრება. მისთვის ძნელი გასახსენებელია ის პერიოდი, რომელიც თავშესაფარში მოხვედრამდე გაიარა.
თითქმის 30 წლის განმავლობაში მეუღლე მუდმივად ფიზიკურად ძალადობდა ნანულიზე, შემდეგ კი მეუღლის ნათესავები. როდესაც ქმარი ხელით და წიხლით სცემდა, მეზობლები მის დასახმარებლად ახლოსაც კი ვერ ახერხებდნენ მისვლას. გაუსაძლისი პირობების, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, დამცირების გამო,
ხშირად უწევდა სახლიდან გაქცევა. წასასვლელი რომ არსად ჰქონდა, ხან ახლობლებთან, ხან კიდევ ნაცნობებთან ათევდა ღამეს.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როდესაც ქმარმა კვლავ იძალადა ფიზიკურად ნანულიზე, ნაცემი ქალი სახლიდან გაიქცა და ახლობელთან შეაფარა თავი, რამდენიმე დღეში მეზობელმა დაურეკა მას და უთხრა, რომ მისმა ქმარმა საქონლის სადგომში თავი ჩამოიხრჩო. ნანული სახლში დაბრუნდა, მეუღლის დაკრძალვის შემდეგ კი პრობლემები მაზლთან და მაზლისშვილთან შეექმნა:
„დავიბადე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში. 28 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და საცხოვრებლად მეუღლესთან, სოფელ კირბალში გადავედი. ჩემს ქმარზე საუბარი არ მიყვარს, ძალიან მძიმე ცხოვრება გავიარე მასთან ერთად, თითქმის 30 წელი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე. დაოჯახების დღიდან მუდმივად მცემდა, მამცირებდა, ხშირად გავრბოდი სახლიდან და ღამეს მეზობლებთან, ან ნათესავებთან ვათენებდი.
ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც ისევ ნასვამი მოვიდა სახლში და უმიზეზოდ მცემა, მე ისევ სახლიდან გქავიქეცი. რამოდენიმე დღეში მეზობლის ქალმა დამირეკა და მითხრა, შენმა ქმარმა ბოსელში თავი ჩამოიხრჩოო. დავბრუნდი სახლში, დავკძალეთ ჩემი მეუღლე. დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში, ჩემი შევიწროება მაზლმა და მაზლისშვილმა დაიწყეს. მეუბნებოდნენ, რომ სახლიდან წავსულიყავი, რადგან ჩემი ქმრის თვითმკვლელობის მიზეზი მე ვიყავი.
ჩემი და ჩემი მაზლის საცხოვრებელ სახლებს მხოლოდ ერთი კედელი ყოფს, ცალ-ცალკე ეზო და შესასვლელი გვაქვს. ხშირად იყო კონფლიქტი ჩვენს შორის, პოლიციაც გამოვიძახე რამდენჯერმე, ერთხელ დააკავეს კიდეც ჩემი მაზლი, მაგრამ ხელწერილით ისევ გამოუშვეს. სახლის ის ნაწილი, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით ჩემს სახელზეა გაფორმებული, თუმცა მათ გამო არავინ ყიდულობს და მეც ვერ ვახერხებ იქ ცხოვრებას. ჩემს მაზლსაც შევთავაზე, იყიდოს დანარჩენი სახლის ნაწილი, ჩემი დასამარხი ფული მაინც მქონდეს, თუმცა არ ყიდულობს. მეუბნება, ეს სახლი, როცა მოკვდები მაინც ჩვენი იქნებაო. ჩემი მაზლისშვილი მეუბნება, ეს სახლი მე მეკუთვნის, შენ უშვილო ხარ, ბიძაჩემს თავი შენ მოაკვლევინე და აქ აღარაფერი გესაქმებაო.
სხვა გზა რომ აღარ მქონდა დავიწყე ჩივილი და პარალელურად თავშესაფრის ძიება. გორის მერიის სოციალურმა სამსახურმა განაცხადის საფუძველზე ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლში ჩამრიცხა. უკვე მეოთხე წელია აქ ვცხოვრობ, კარგი პირობებია ძალიან, თუმცა მინდა სიბერე ჩემს საკუთარ სახლში გავატარო“, – გვიყვება ნანული ბიძინაშვილი.
დრო ხანდაზმულთა სახლში ტელევიზორის ყურებაში, სეირნობაში და წიგნების კითხვაში გაჰყავს. გული ხშირად აწუხებს. ოცნებობს საკუთარი ჭერი და პატარა ყვავილებით სავსე ეზო ქონდეს, სადაც სიბერეს გაატარებდა.