15-07-2020
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილებმა ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს, რის გამოც საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ადგილობრივები ხმაურზე და დაბინძურებულ გარემოზე ჩივიან.
"ხმაური, გამონაბოლქვი, ნაყარი ტვირთები - პორტის ტერიტორიაზე რაც ხდება: ღია წესით მუშავდება კლინკერი, გოგირდი, ნახშირი, რაც გამოყოფს მტვერს და პირდაპირ შემოდის ჩვენთან ბინებში. პორტის შიდა მაგისტრალია ფაქტობრივად, სადაც საკონტეინერო მზიდავები ჩამოდიან, მაშინ ხდება უამრავი ტრაილერების გადაადგილება, რაც ფაქტობრივად საფრთხესაც გვიქმნის, როგორც ავარიული სიტუაციების მხრივ, ასევე გამონაბოლქვისა და ხმაურის თვალსაზრისითაც", - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვანო კუკულავამ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ან განსახლებას მოითხოვენ. დღესვე შეკრებილებს ფოთის ვიცე-მერი შეხვდა, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ კონკრეტული დაპირება არ მიუღიათ. მოსახლეობა პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს.
რადიო "ათინათი"