1-03-2018
ჟურნალისტი და ეთნოლოგი ნონა ქობალია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველს უამბობს, როგორ იზიარებდნენ მეუღლის მშობიარობის სიმძიმეს მეგრელი მამაკაცები.
მაგრამ, იცით თუ არა, რომ მეგრულ ეთნოგრაფიაში აღწერილი „მითორგინაფა“ — ბავშვის შეგორების რიტუალი, სწორედ ამ პროცესს ასახავს და უფრო მეტიც...
მითორგინაფა“ ხდებოდა მაშინ, როცა უშვილო ცოლ-ქმარი უთანხმდებოდა ორსულ ქალს, რომლისგანაც უნდა ეშვილა ბავშვი. „მითორგინაფა“ მიემართებოდა ქალსაც და კაცსაც.
ამ ჩვეულებას, გარდა მეუღლის წინაშე პასუხიმგებლობისა და თანალმობისა, მეუღლის ტკივილების გაზიარებისათვის მზაობისა, სხვა დანიშნულება და დატვირთვაც ჰქონდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, იყო ჩვილის დაცვა ავსულებისა და ბოროტი თვალისგან, და ასევე ბავშვზე მამობრივი უფლებების განაცხადი და დამტკიცება.
საქმე ისაა, რომ ძველების რწმენით, ავსულებს უფრო ძლიერი ადამიანი უნდა დაპირისპირებოდა, ვიდრე ქალი იყო, მით უფრო, სამშობიარო ტკივილებისგან ძალმიხდილი მელოგინე; და თანაც, ახალნამშობიარევი ქალი უწმინდურად მიიჩნეოდა სათანადო გამოლოცვის აღსრულებამდე და არ ჰქონდა საშუალება, სიწმინდით დაპირისპირებოდა მავნე, უკეთურ ძალებს.
მელოგინის გამოლოცვას „ჭაშ ერღვაფა“ — ჩალის აყრა ეწოდებოდა და ეს რიტუალი მშობირობიდან გარკვეული დროით იზოლირების შემდეგ სრულდებოდა. ბებიაქალი მოლოგინებიდან 3-4 კვირის, ზოგჯერ კი 40 დღის შემდეგ შევიდოდა ქალისა და ბავშვის განცალკევებულ სადგომში — უპირატესად, ბოსელში, გარეთ გამოიყვანდა მათ და ჩალას, რომელზეც ისინი იწვნენ, აშლიდა. ანუ დედა-შვილს ლოგინს აუშლიდა ნიშნად იმისა, რომ ქალი განწმენდილი იყო, ჩვილი (ლილუ, ბურბუ, წყარბაღანა) — მომაგრებული და, შესაბამისად, ვეღარავინ გაჩხიბავდა იოლად.
რაღა თქმა უნდა, მამაკაცს ეს პრობლემები არ ჰქონდა. მისი დანიშნულება იყო გვერდში მისწოლოდა მშობიარე ცოლს და ეყვირა, რათა ავსულები განეფრთხო.
სხვათა შორის, ახლობლები კაცს ბავშვის დაბადებამდეც კი შეუგორებდნენ ხოლმე ფუთას, ვითომ ბავშვს, რომ ავსულებს ძალა მისკენ მიემართათ და ქალს გაცლოდნენ.
მშობიარობის წინ ქმარი აღებდა კარ-ფანჯარას, ჩამოყრიდა ურდულებს, დახსნიდა კლიტეებს, ტანსაცმელზე შეიხსნიდა ღილებსა (კაკეფი) თუ ქამარს... ანუ სპობდა ყველაფერს, რასაც შეიძლებოდა ხელი შეეშალა ქალის მენჯის გახსნისა და ბავშვის დაბადებისთვის.
ზოგან ქალს მუცელზე ქმრის ქალამნებს ან სხვა რამ ნივთს ალაგებდნენ. ქალამანი, მაგალითად, ნიშნავდა იმას, რომ ფეხზე მყარად მდგარი (კუჩხიშ, განთხიშ მანგარო გემარინე) მამის ძალა ბავშვზე გადადიოდა. სხვათა შორის, თუ ბავშვი უდღეური იბადებოდა, მას მამის ქალამანში ან ქალამანზე აწვენდნენ.
ხშირად ახალშობილს მამის ნაცვამ პერანგში ახვევდნენ, უფრო ზუსტად, იქვე გახდილ პერანგში, რომ მამის სუნი შეეგრძნო, მამის ოფლსა და სითბოს დაეცვა დედის საშოდან უცხო სამყაროში აღმოჩენილი.
თუ ბავშვის მამა გარდაცვლილი იყო, მას სხვა, შვილებით ბედნიერი სისხლით ნათესავის (ბიძა, ბაბუა, ძმა) ან სხვა ახლობლის, ზოგჯერ კი უცხო მამაკაცის სამოსელში გაახვევდნენ, ვინაიდან ნამკვდრევში გახვევა არ შეიძლებოდა — ვაშინერს!
ამ რიტუალისთვის გვარებიც კი იყო მონიშნული, დაგულვებული, ანუ მიკოწონებული, ზუსტად ისე, როგორც ეს ბავშვის გასაზრდელად ბედნიერი ოჯახისგან აკვნის თხოვების შემთხვევში ხდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულ ეპოქაში ბავშვს ჭიპლარს მამა უჭრიდა და არა დედფანია, ანუ ბებიაქალი. ბიჭის ჭიპლარს მამა ქვეშ სატევარს, წალდს ან სხვა რამ მჭრელ საგანს ამოუდებდა, რომ ბიჭი ძლიერი გაზრდილიყო და თან დაჰყოლოდა მეომრის, მონადირის, მეურნის ძალა, გოგონას ჭიპლარს კი თითსტარზე ჭრიდნენ.
უფრო ვრცლად სანახავად გადადით ვებგვერდზე sputnik