1-03-2018
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა, რომელზეც ძირითადი განსახილველი თემა არჩილ ტატუნაშვიის გარდაცვალება იყო, დღესაც უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრა დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ქართულმა მხარემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ერგნეთში შეხვედრაზე სხვა საკითხების განხილვა მანამ არ განახლდება, სანამ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემს.
„ძალიან რთული სხდომა იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ორი შეკითხვა დაისვა ჩვენი მხრიდან. ცხადია ტატუნაშვილის საქმის განხილვის კონტექსტში. პირველი, ეს იყო, როდის მოახერხებს ოჯახი ცხედრის მიღებას, მეორე, როდის შეეძლება საქართველოს ორ მოქალაქეს დატოვოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია. 3 საათიანი შეხვედრის განმავლობაში ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევწყვიტოთ ეს სხდომა, გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური მთავრობისთვის ტატუნაშვილის საქმეს, იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 22 თებერვალს, აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ყველა სახვა საკითხის განხილვა, რომელიც იყო მათ შორის დღევანდელ დღის წესრიგშიც წარმოდგენილი, მაშინ როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდება ოჯახს“- განაცხადა ქემოკლიძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი ქართულ მხარეს რამდენიმე დღის წინაც ეთქვა. როგორც წინა სხდომაზე გახდა ცნობილი, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება გარდაცვლილი ქართველის გადმოცემას მანამ არ აპირებს, სანამ ექსპერტიზას რუსეთიდან მიწვეული სპეციალესტები არ ჩაატარებენ.
ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა.