1-03-2018
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით ბორჯომში საპროტესტო აქცია დაიწყო.
პარალელურად, ბორჯომის მერიის თანამშრომლები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ.
"არა ვუთხრათ ზაზა ჩაჩანიძეს, ნიკა მელიას და ბორჯომის გაჩერებას", - განაცხადა აქციაზე "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კვირკველიამ. მერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ზაზა ჩაჩანიძე წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას და არა პარტრიოტთა ალიანსს.
დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმებია მობილიზებული. ვითარება აქ გუშინ, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.