16-07-2020
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აჭარის რეგიონში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე, ანაკლიის პორტზე პოლიტიკურ პროცესებზე, პარტიის გეგმებზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ ჩანდა არსად მამუკა ხაზარაძე მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბიზნეს არეკეტებდნენ. როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, რატომ არ ჰქონდა თუნდაც სამოქალაქო პროტესტი 7 ნოემბერსა და 26 მაისზე, „ლელო საქართველოს“ ლიდერი პასუხობს:
„თქვენ არ გახსოვთ ის პერიოდი როცა ჩემი ოჯახი დააყაჩაღეს, მხედრიონის ტერორის ქვეშ რომ ვიყავით, როცა ჩემი ოჯახის წევრი მოიტაცეს, როცა ჩემზე სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული მიხეილ სააკაშვილს, როცა აჭარაში ქონებას მართმევდნენ, როცა პროკურორებმა ჩემი ფრანგი კოლეგები ჩაკეტეს. ამ ყველაფერს ჩვენ იურიდიული და ლეგალური გზით ვებრძოდით.
აღნიშნულ თემებზე პრესკონფერენციები არ მომიწყვია. 2000 წელს, ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ვიყავი ახალი მოძრაობის, რომლის ბაზაზე შეიქმნა „ახალი მემარჯვენეები“. ყველა ის მეგობარი, რომელიც იმ დროს პოლიტიკაში იყო, არა თუ ახმოვანებდა და პროტესტს გამოთქვამდა ამაზე, არამედ ბრძოლის წინა ხაზზე იდგა.
შესაბამისად მეც ვიდექი ამ ბრძოლის ხაზზე, მაგრამ არ ვიდექი ტელევიზორთან. როცა ქვეყნის ანაბრებისა და დეპოზიტების 40 % გაბარია და პასუხისმგებელი ხარ, ან უნდა იყო ბიზნესში, ან უნდა იყო პოლიტიკაში. თქვენ თუ ამბობთ, რომ რაღაც მოვლენის გამო უნდა მიმეტოვებინა კომპანია, თქვენ სად იყავით ამ დროს, მიატოვეთ ტელევიზია?!
მეუბნებით, რომ როცა რაღაც ხდება ქვეყანაში, ყველა უნდა აიბარგოს, მიატოვოს თავისი საქმე და პროტესტი გამოხატოს. ეს საყვედურია ჩემს მიმართ?! მე როგორ დავაფიქსირე პროტესტი, ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვის მივეცი ხმა არჩევნებზე, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. “- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.