17-11-2017
„აფხაზეთში რუსეთის საელჩომ“ რუსული ბიომეტრიული პასპორტების მისაღებად საჭირო დოკუმენტების მიღება დაიწყო. ამის შესახებ „ სპუტნიკ აბხაზიას“ სოხუმში მოსკოვის წარმომადგენლობის მდივანმა ტურალ ჯავადოვმა განუცხადა.
მისი თქმით, რუსული ბიომეტრიული პასპორტები მნიშვნელოვნად გაამარტივებს უცხოეთის, მათ შორის, შენგენის ზონის ქვეყნებში გასამგზავრებლად საჭირო პროცედურებს. ამავე ცნობით, ახალი თაობის დოკუმენტი 10 წლის ვადით გაიცემა, მაშინ როდესაც, ჩვეულებრივი საზღვარგარეთის პასპორტის მოქმედების ვადა მხოლოდ 5 წელია.
რუსული ბიომეტრიული პასპორტის მიღება შეუძლია აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც თან უნდა იქონიოს დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა (გვარის გამოცვლის შემთხვევაში) და შრომის წიგნაკი.
ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური 14 წლამდე ბავშვებისათვის 2600, ხოლო ზრდასრული მოქალაქეებისთვის – 5200 რუბლი იქნება. დოკუმენტის გაცემის ვადაა - სამი თვე.
წყარო: რადიო "ათინათი"