21-07-2020
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი გააქტიურდება და ასევე ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე გარდაბნის ჩაკეტვის აუცილობლობა არ არსებობს.
"როგორც მოგეხსენებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სწორედ ამიტომ, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ჩვენს მოქმედებებს.
კონკრეტულად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გავააქტიურებთ თერმოსკრინინგს და ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილებები ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი.
შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იყვნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, გაუკეთდეთ მათ ტესტები და ყველა ეს ღონისძიება, რომელიც იქნა დღეს მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ მუნიციპალიტეტში და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს და პრევენციას, რომ პროცესი რაიმე უფრო გართულებისკენ არ წავიდეს.
ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის არ არის ამისი საჭიროება. როგორც კი ამის საჭიროება გამოჩნდება, აუცილებლად შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული," - განაცხადა ხოჯევანიშვილმა