17-11-2017
როგორ აფასებენ გურულები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა, კითხვით "გურიის მოამბემ" ოზურგეთში ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა:
“დოლარი უნდა ამოიღო საერთოდ ხმარებიდან და გასწორდება ყველაფერი. სახელმწიფომ უნდა აწარმოოს პროდუქტი. ამ შემთხვევაში დოლარი აღარ დაგვჭირდება.ორჯერ ვიყავი გერმანიაში და საერთოდ რა არი დოლარი არ იციან.აქვთ მისი ვალუტა და იმის ბრუნვას ანხორციელებენ.ამდენი ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იქ სულ არ არის.“
„რათქმაუნდა სახელმწიფოს ბრალია აბა ჩემი ბრალია? ყველაფერი დოლარზე რო არი გადასული მაგის ბრალია ყველაფერი. უბრალო გლეხს უნდა აწარმოებიო საქართველოში პროდუქტი, ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ და ჩვენი ლარი იქნება ბრუნვაში“
„რა თქმა უნდა ძალიან აისახა ადამიანების მდგომარეობაზე. პროდუქტი გაძვირდა და კიდე გაძვირდება ალბათ. მგონია, შევარდნაძის დრო გვიბრუნდება. ახლანდელი 100 ლარი ალბათ 10 ლარს უდრის უკვე. ბაზარში რომ შეხვალ, ისე დახარჯავ ხელფასს წვრილმანებში, რომ მოიხედავ ხელში არაფერი გრჩება“
„განსაკუთრებულად უჭირს იმას, ვისაც დოლარში აქვს სესხი გაკეთებული. შავ სიაში გადავა აბა რას იზამს?! ველა არჩევნების მერე აძვირებენ და აძვირებენ ამ დოლარს .იმდენი ფულია დახარჯული ხომ უნდა შეავსონ ისევე ხალხის ხარჯზე ბიუჯეტი?!“
„ხელფასები იკლებს, არ იმატებს და ამ მომატებული ფასების პირობებში რა უნდა მიიტანოს ადამიანმა ოჯახში?“
„საქართველოში ძალიან ვართ დოლარის კურსზე დამოკიდებული. ჩვენთან დიდად არაფერი არ იწარმოება, მაგრამ რაც იწარმოება, საზღვარგარეთ ისიც არ გადის. ადგილობრივი პროდუქტი უნდა აწარმოო რაც შეიძლება მეტი ,მაგრამ ჩვენთან ყველაფერი კერძოა. ცოტა სახელმწიფომაც აწარმოოს რამე კარგი იქნებოდა.“
"ლარის ვარდნას ოპოზიციას ვერ დავაბრალებ, ვინც მართავს ქვეყანას და ვინც ჩვენს ხარჯზე ხელფასებით და პრემიებით ვერ ძღება, იმათ უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ხალხი ბანკის ვალებში იხრჩობა, საჭმელს ვერ ყიდულობს და ესენი ერთმანეთისკენ იშვერენ თითს, ზოგი სიცივეს აბრალებს და ზოგიც გლობალურ პრობლემად განიხილავს ამ საკითხს. ხელფასები რომ ჭკუაზე მეტი აქვთ, ე, იმის ბრალია რაც გვჭირს"
"ეს ხელისუფლება რაც მოვიდა, მე მგონი მას მერეა ხალხს და ლარს ერთნაირად რომ დაბნეული აქვს გზა და კვალი. ხალხის და ლარის მდგომარეობა ერთნაირად დაღმართისკენაა მიმართული. ამას თუ სახელმწიფო ქვია, ამას თუ ცხოვრება ქვია..მაგათმა ჩვენ ადამიანებად კი არა, ბრბოდ ჩაგვთვალეს და გვექცევიან ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალეს. 15 და 20 ლარი კი ჩეიდვეს ჯიბეში ზოგიერთებმა ამ საარჩევნოდ და გეიტანონ ზამთარი ახლა".
საქართველომ საარსებო მინიმუმის შესახებ კანონი 1997 წლის 17 აპრილს მიიღო. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.
მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია, ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2017 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 331.4 ლარს შეადგენდა, ივლისში კი ის 333.1 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის მხოლოდ 2-ლარიანი სხვაობა არსებობდეს. იმ პირობებში თუ საარსებო მინიმუმში მოხდებოდა მინიმალური კომუნალური სერვისების გათვალისწინება (დენი, გაზი, წყალი) რეალობისგან ასე აცდენილ სურათს არ მივიღებდით.
საარსებო მინიმუმის კალკულაციას საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან:
საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგ მიღებულ რიცხვს ყოფენ 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 56%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, ტრანსპორტი, კომუნალური მომსახურება, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის კალკულაციაში კი გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, ხოლო დანარჩენი 30% ისევ სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი, რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა, არის ქვეყანაში სურსათის ფასები. ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა დენის და ბუნებრივი აირის ტარიფები და ტრანსპორტის ღირებულება, ამ მაჩვენებლის კალკულაციაზე გავლენას საერთოდ არ ახდენს.
წყარო: "გურიის მოამბე"