25-07-2020
გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. გუშინ ლაბორატორიაში გაგზავნილი 126 ნიმუშიდან COVID-19 მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. დღის განმავლობაში გაჩიანის რაიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი კიდევ 705 ნიმუშის პასუხს ელოდებიან, მათ შორის 400-მდე ნიმუში სოფელ ყარაჯალადან არის, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს. წინა დღეებთან შედარებით ტესტირებულების რაოდენობა გაზრდილია.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემოწმდა 705 ადამიანი. ყარაჯალარში ტესტირება ჩაუტარდა 377 ადამიანს. თითქმის გაორმაგდა წინა დღეებთან შედარებით შედეგი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობთ, რომ ესეც არ არის საკმარისი. უფრო მეტი აქტივობაა საჭირო“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
ოფიციალური პირები და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ტესტირების პროცესში უფრო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1117 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 917 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.