2-03-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული ყაჩაღობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნეს, რის შედეგადაც სულ 7 ბრალდებული დააკავეს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ თბილისში, აბანოსა და გორგასლის ქუჩებზე მომხდარი საიუველირო და სუვენირების მაღაზიების დაყაჩაღების 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გატაცებული ნივთები. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, გახსნილია საზოგადოებისთვის ცნობილი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტიც, რომელიც თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ერთი პირი. ბრალდებული მიმდინარე წლის 14 თებერვალს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა მოქალაქეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გახსნილია ასევე გახმაურებული, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტიც.
დაკავებულია 2 პირი, მათ შორის ერთი - წარსულში ნასამართლევია. ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და იმერეთში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებზე სულ დაკავებულია - 7 პირი“ - განაცხადა ჭელიძემ.