28-07-2020
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, აჭარის რეგიონში წამლობა ჩაატარა. 51 სპეციალიზებული ტექნიკითა და სათანადო აღჭურვილობით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეული. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ის ტერიტორიები, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია ფიქსირდებოდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აჭყვისთავში, ზენითში, ციხისძირში, ხალაში, კვირიკეში, ჩაისუბანში, ჩაქვში, წყავროკაში, ლეღვაში, გვარასა და ალამბარში 3060 ჰექტარი ფართობი შეიწამლა.
მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ქათამაძე და საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები გაეცნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ჩატარებული ეფექტური ღონისძიებების შედეგად, ფერმერები წელს თხილის, სიმინდისა და ციტრუსის ხარისხიან და უხვ მოსავალს ელოდებიან.
უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება და მეფუტკრეებთან კოორდინირებულად იგეგმება.
ფართობების თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავების პარალელურად, ცივი შესხურების მეთოდით ინტენსიურად იწამლება სიმინდის მასივებიც. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში ეტაპობრივად გრძელდება.