2-03-2018
რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და ა(ა)იპ „რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდების წევრებს შეხვდნენ.
გოჩა ლორიამ და გეგი ლიპარტელიანმა ქალაქის #2, #3, #5, #10, #12, #23 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა „ლაზარეს“ მოსწავლეებს, ტურნირში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცეს.
ოლიმპიადა სპორტის 6 სახეობაში (ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, გეზრბენსა და ხელბურთში) 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და 2018 წლის იანვარში დასრულდა.
გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლის რეგიონულ პირველობაზე, რომელიც 4 მარტს დაიწყება. ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი კი მაისში, თბილისში გაიმართება, რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.
ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, საქართველოს ჩემპიონები მსოფლიოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე ასპარეზობენ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით, უკვე 4 წელია მიმდინარეობს. ასპარეზობაში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლები. სპორტული ღონისძიება რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ტარდება.