გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

30-07-2020

ერგნეთში დღეს ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 96-ე შეხვედრა ტარდება. მხარეები 11-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის უპირობო გათავისუფლების საკითხი დადგება.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დღემდე მომხდარ ინცინდენტებს და უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, რაც უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

განხილვის დაწყებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სპეციალური კითხვარი შეავსებინეს და ტემპერატურა გაუზომეს. ეს ზომები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით მოქმედებს.

შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით და ეუთოს მხარდაჭერით იმართება. მას დაესწრება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკა.

ამ ფორმატში პირველი შეხვედრა იქნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მარეკ შჩიგელისთვის. ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შარშან 30 აგვისტოს დე ფაქტო ცხინვალის ინიციატივით ჩაიშალა. მას შემდეგ 7 ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, სადაც განიხილეს ჩორჩანა-წნელისთან არსებული მდგომარეობა. ბოლო ასეთი შეხვედრა ნოემბერში გაიმართა.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. კაცი ფეხშია დაჭრილი. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.

imedinews.ge