2-03-2018
საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის 38 არამატერიალური ძეგლია. მონაცემების განახლება პერიოდულად ხდება. ჩამონათვალში სხვადასხვა მხარისათვის სახასიათო სიმღერები, ცეკვები და ტრადიციები მოხვდა. მონაცემეებით ლიდერობენ სვანეთი და კახეთი. იმერეთმა თავი ქვევრისათვის დადგმული ძეგლით გამოიჩინა.
2011 წელს კულტურის მინისტრის ნიკა რურუას გადაწყვეტილებით, არამატერიალურ მემკვირდეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ქართულ ქვევრს. ქვევრისთვის სტატუსის მინიჭებას ქუთაისი გამოეხმაურა და ქვეყნის მასშტაბით ქვევრს პირველი ძეგლი 2014 წელს დაუდგეს. ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, კვარცხლბეკზე ამაღლებულმა ქვევრმა იმ დროისთვის საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია.
2017 წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი ქართულ სუფრას მიენიჭა.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა - ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტექნოლოგიები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები.