5-08-2020
საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში, საიდანაც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი და „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე ჩავიდნენ. სამინისტროს წარმომადგენლები გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად იმ დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მალე ოპტიკური ინტერნეტით დაიფარება. ოზურგეთში ასევე იმყოფებოდა კომპანია „პარვუს ჯგუფი,“ რომელიც, „ოუფენ ნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას განახორციელებს. საპილოტე ქსელის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის პირველი ეტაპია დიზაინის შემუშავება, რის შემდეგაც უკვე ქსელის მშენებლობა იწყება. პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევის კრიტერიუმებისა და თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში არსებული დასახლებული პუნქტებისა და მოსახლეობის რაოდენობის, ასევე პროექტის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საპილოტე პროექტი განხორციელდება გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი პარამეტრებია: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576 მოსახლე, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - - 145 კმ.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.