გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არსებული ვითარება განიხილეს

6-08-2020

გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი. სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე ანგარიშით წარსდგა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მიროსლავ იენჩა, რომელმაც საბჭოს წევრებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომის დასრულების შემდგომ, უშიშროების საბჭოს ახლანდელი და მომავალი წევრების - ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ირლანდიისა და ნორვეგიის წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.

ერთობლივ განცხადებაში, მხარეება აღნიშნეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 12 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას. ამასთან, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. აღნიშნული ქმედებები, ერთმანეთისგან უფრო აშორებს კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს, აფერხებს შერიგების პროცესს და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

განცხადებაში, მხარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის ინტენსიფიკაციის გამო, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო წლებში, მათ შორის, გლობალური COVID-19-ის პანდემიის დროს. განცხადებაში, ასევე, შეშფოთებაა გამოთქმული იმ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში პანდემიისა და მისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ეწევა. ამასთან, მხარეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ყალბ პროპაგანდაზე, რომელიც ლუგარის კვლევითი ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.

ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ირლანდიის და ნორვეგიის წარმომადგენლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება.