9-08-2020
ბათუმში, ე.წ "ოცნების ქალაქის" პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის პროცესშიც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს.
"ოცნების ქალაქში" აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა. მთავრობის ხელმძღვანელმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობას შეხვდა, მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ადგილზე გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებს და მათ მოლოდინებს.
ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.
ე. წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.